სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ დასახმარებლად

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გარშემო სილქნეტმა უკვე მეხუთეჯერ გააერთიანა კერძო სექტორი, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და საზოგადოების აქტიური წევრები.

ტრადიციულად წლის მიწურულს საქველმოქმედო ვახშამი გაიმართა და საზოგადოებას გასული წლის ანგარიში წარედგინა.

დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის კომპანია „სილქნეტმა“ 2018 წელს დააფუძნა. დაარსების დღიდან სილქნეტი ფონდში ყოველწლიურად 300 000 ლარს რიცხავს. აქტიურად არიან ჩართული დონორი კომპანიები და ფიზიკური პირები.

„სილქნეტის ყოველწლიური შენატანით და სხვა კომპანიებისა და კერძო პირების დონაციებით ჩვენ 661 ათასი ლარი მოვიზიდეთ გასულ წელს. ამ თანხით დავეხმარეთ 50 დაჭრილ ვეტერანს და სამხედრო მოსამსახურეს და მათ არასრულწლოვან შვილებს. მომავალ წელს იმედი გვაქვს, რომ კიდევ უფრო მეტი თანხის მობილიზებას შევძლებთ. მინდა მადლობა გადავუხადო ფონდის ყველა მხარდამჭერს. ნებისმიერი თანხით ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენი გმირებისთვის გაერთიანების საქმეში“, - „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ გენერალური დირექტორი, დავით მამულაიშვილი.

ფონდის მიზანია მხარში დაუდგეს აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომებში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეებსა და ვეტერანებს, რომლებმაც მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღეს, ჯანმრთელობა შესწირეს სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის და უკეთესი მომავლისათვის ბრძოლას. კომპანია „სილქნეტის“ ეს ინიციატივა მებრძოლებისადმი მადლიერების გამოხატვას ემსახურება.

ბიზნესის, მთავრობისა და საზოგადოების ერთიანი შემოწირულობებით დაარსებიდან დღემდე ორ მილიონ ლარზე მეტი თანხის მობილიზება გახდა შესაძლებელი.

ეს თანხა დაიხარჯა დაჭრილი მებრძოლის და მათი არასრულწლოვანი შვილების ისეთ საჭიროებებზე, როგორიცაა: ოპერაციები, სამედიცინო მომსახურება, მედიკამენტებით უზრუნველყოფა, საცხოვრებელი ფართის ადაპტირება ეტლით მოსარგებლეთათვის და პროფესიული გადამზადება. ფონდის მმართველობის გადაწყვეტილებით, მომავალი წლიდან დახმარებას დაჭრილთა მეუღლეებიც მიიღებენ.

„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდმა“ მსოფლიოში ცნობილ ბრიტანული საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ Invictus Games Foundation-ისგან მიიღო გრანტი და მასთან პარტნიორობა გააფორმა.

„ჩვენთვის დიდი პატივია ისეთ საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდთან თანამშრომლობა, როგორიცაა Invictus Games Foundation. მათგან მიღებული გრანტი დაჭრილი მებრძოლების გუნდისთვის მჯდომარე კალათბურთის ეტლების შეძენას მოხმარდა. ამ მნიშვნელოვანი თანამშრომლობისთვის მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ფონდ ინვიქტუსს. მინდა ასევე დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩს, მის აღმატებულება მარკ კლეიტონს ძალიან საჭირო და სასარგებლო ინიციატივისთვის, რომელიც საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში British Corner-ის სასწავლო კურსების მეშვეობით ფონდის ბენეფიციარებისთვის ინგლისური ენის შესწავლის დაფინანსებას გულისხმობს. ამ პროგრამაში დაჭრილი სამხედრო მოსამსახურეების არასრულწლოვანი შვილები ჩაერთვებიან. პროგრამა საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობით განხორციელდება. ჩვენ ფონდი სწორედ იმ მიზნით დავაფუძნეთ, რომ ჩვენს დაჭრილ გმირებს შევუმსუბუქოთ ტრავმები, სირთულეები და ხელი შევუწყოთ მათ საზოგადოებაში სრულფასოვან ინტეგრაციას“, -„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის" დამფუძნებელი, გიორგი რამიშვილი.

დონორების სრული სია და შემოწირულობების ოდენობა შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდზე: wwsf.ge.

(R)