"დონორების დახმარების გარეშე, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით მეტი სიძნელის წინაშე აღმოჩნდებოდა"

საქართველოს ეკონომიკა მიმდინარე გლობალური ფინანსური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშეა და რომ არა დონორების მიერ საქართველოსთვის, სხვადასხვა სექტორების განვითარებისთვის გამოყოფილი ფინანსური რესურსი, ეკონომიკური მდგომარეობა გაცილებით მეტი სიძნელის წინაშე აღმოჩნდებოდა, - ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა გუშინ, დონორთა ყოველწლიურ საკოორდინაციო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ფინანსთა მინისტრმა გაიხსენა, რომ 2008 წელს საგარეო შოკებისა და აგვისტოს ომის შედეგების სალიკვიდაციოდ დონორთა ბრიუსელის კონფერენციამ საქართველოსთვის შეღავათიანი სესხებისა და გრანტების სახით 4,5 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური რესურსის გამოყოფას დაუჭირა მხარი, რამაც არსებული პრობლემების ნაწილობრივ მოგვარებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. "სამწუხაროდ, ამჟამად ძირითადად გარე ფაქტორების გამო, საქართველო კვლავ რთული გეოპოლიტიკური და ეკონომიკური გამოწვევების წინაშე აღმოჩნდა, იმედი გვაქვს, საერთაშორისო თანამეგობრობა, ჩვენი ტრადიციული დონორები და პარტნიორები კვლავ გულისხმიერებას გამოიჩენენ და შეძლებისდაგვარად მოკლე პერიოდში განიხილავენ საქართველოსთვის დამატებითი დახმარების გამოყოფის შესაძლებლობას", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.

ფინანსთა მინისტრის თქმით, წელს, ისევე, როგორც შარშან, სახელმწიფო ბიუჯეტში დაფინანსების საგარეო წყაროებიდან, შეღავათიანი სესხების სახით, მილიარდ ლარზე მეტია გათვალისწინებული. "ფისკალური პოლიტიკის მდგრადობის უზრუნველყოფა მკაცრ ჩარჩოებს გვიწესებს. ფინანსთა სამინისტრო ამავდროულად პასუხისმგებელია სახელმწიფო ვალის მდგრადობის უზრუნველყოფაზე. შესაბამისად, სესხების აღებისას, მათ შორის საგარეო წყაროებიდან, ყურადღება უნდა მიექცეს დასაფინანსებელი პროექტების შერჩევას. როგორც მოგეხსენებათ, სახელმწიფო ვალის ზრდასთან დაკავშირებული საფრთხეებისა და რისკების არაჯეროვნად შეფასებამ მსოფლიოს მრავალი ქვეყანა სავალო კრიზისამდე მიიყვანა, თუმცა ასევე უნდა აღინიშნოს, საქართველოს ვალის მოცულობა დღეისთვის მნიშვნელოვნად ჩამორჩება როგორც საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით, ისე მაასტრიხტის პაქტით დადგენილ ნორმებს", - განაცხადა ნოდარ ხადურმა.