თბილისში Future Agro Challenge Georgia გაიმართება

თბილისში, 23 დეკემბერს Future Agro Challenge Georgia გაიმართება.

Future Agro Challenge ყველაზე მასშტაბური გლობალური ინიციატივაა, რომლის მიზანიც სტარტაპების აღმოჩენა და მხარდაჭერაა ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სოფლის მეურნეობა, საკვები და აგროტურიზმი.

წელს, Future Agro Challenge Georgia-ს ფარგლებში, სტარტაპ ბიურომ, USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის მხარდჭერით, სამი ბუტკემპი (ინტენსიური ბანაკი) და აქსელერაციის ორთვიანი პროგრამა განახორციელა.

ღონისძიებაზე საკუთარ პროექტებს წარადგენენ ის აგროტექნოლოგიური სტარტაპები, რომლებიც აქსელერაციის პროგრამაში მონაწილეობდნენ. გაიმართება მოწვეული სპიკერების პრეზენტაციებიც..

„ჩვენი დიდი სურვილია, სტარტაპ ეკოსისტემაში გამოჩნდეს მეტი ახალი აგროსტარტაპი, რომლებსაც ჩვენ მაქსიმალურად დავეხმარებით სამომავლო განვითარებასა და წარმატების მიღწევაში. Future Agro Challenge არის პროექტი, რომლითაც ახალ ტალანტებს აღმოვაჩენთ ყოველწლიურად და მათ მსოფლიოს გავაცნობთ“, - ამბობს გური ქოიავა, სტარტაპ ბიუროს თანადამფუძნებელი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი.

„მთელი მსოფლიო თანხმდება, რომ მდგრადი სოფლის მეურნეობა თანამედროვე ტექნოლოგიებზე დგას. Future Agro Challenge სწორედ ის პლატფორმაა, რომელიც აღმოაჩენს, თავს უყრის და აძლიერებს ახალგაზრდების მოტივაციას, რომ ინოვაციების მეშვეობით გადიჭრას მიმდინარე და სამომავლო გამოწვევები“, - ამბობს ირაკლი ჩიქავა, აგრო სოლუშენსის კომერციული დირექტორი და Future Agro Challenge Georgia-ს თანაორგანიზატორი.

ღონისძიება ორგანიზებულია სტარტაპ ბიუროს მიერ, Agro Solutions-თან პარტნიორობითა და USAID-ის სოფლის მეურნეობის პროგრამის, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს (GITA), სოფლის განვითარების სააგენტოს (RDA), თბილისის მერიისა და საქართველოს ფერმერთა ასოციაციის მხარდაჭერით.

დასწრება თავისუფალია, თუმცა აუცილებელია წინასწარი რეგისტრაცია. შეავსეთ ქვემოთ მოცემული სარეგისტრაციო ფორმა და ელ. ფოსტაზე დაელოდეთ რეგისტრაციის დასტურს: https://forms.gle/4MzhCLKrPrqf9Cac9