საქართველოში ქონების მფლობელ უცხოელებზე ბინადრობის სპეციალური ნებართვები და საემიგრაციო ვიზები გაიცემა

უცხოელებზე, რომელიც საქართველოში უძრავ ქონებას ფლობენ, ბინადრობის სპეციალური ნებართვები და საემიგრაციო ვიზები გაიცემა.

კანონში დაგეგმილი ცვლილებებით, საქართველოში ბინადრობის ნებართვის სახეებს ახალი სახე - მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა ემატება. აღნიშნული ნებართვა გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება 35 000 აშშ დოლარს აღემატება. გარდა ამისა, კანონით განსაზღვრულ საიმიგრაციო ვიზების კატეგორიას ახალი სახე - D5 კატეგორია ემატება, რომელიც ასევე გაიცემა უცხოელზე, რომელსაც საქართველოს ტერიტორიაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით, გააჩნია საკუთრების უფლება უძრავ ნივთზე (გარდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწისა), რომლის საბაზრო ღირებულება 35000 აშშ დოლარს აღემატება.

მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვა 1 წლის ვადით გაიცემა. აღნიშნული ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადა წყდება შესაბამის უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლების შეწყვეტის შემთხვევაში. "მოკლევადიანი ბინადრობის ნებართვის ცალკე ნებართვის სახედ ჩამოყალიბება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ უცხოელ მოქალაქეებს მიეცეთ რამდენიმე ალტერნატივა. კერძოდ, განახორციელონ არა ნაკლებ 300 000 ლარის ოდენობის ინვესტიცია "საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად და ამ გზით მოიპოვონ მუდმივი ბინადრობის ნებართვა, დააკმაყოფილონ შესაბამისი პირობები კანონით გათვალისწინებული სხვა ტიპის ბინადრობის ნებართვის მოსაპოვებლად, ან ხელმისაწვდომი ღირებულების მქონე უძრავი ქონების შეძენის გზით მოიპოვონ ერთწლიანი ბინადრობის ნებართვა. ეს უკანასკნელი პირობა რეალური ალტერნატივაა სხვა პირობებს შორის, რამდენადაც არ მოითხოვს მსხვილ ფულად რესურსსა და ხარჯს უცხოელის მხრიდან, თუმცა გამოირჩევა მოკლე ვადიანობით, სხვა ან თუნდაც საინვესტიციო ბინადრობის ნებართვასთან შედარებით, რომელიც მუდმივმოქმედია და ამ თვალსაზრისით, მაინც კონკურენტულ წინადადებად რჩება", - აღნიშნულია პარლამენტში წარდგენილ კანონპროექტზე თანდართულ განმარტებით ბარათში.

მთავრობამ უცხოელებზე საქართველოს ვიზების გაცემის პროცედურებისა და ზოგადად, სავიზო რეგულაციების გამარტივების გადაწყვეტილება მიიღო. მთელ რიგ ახალ საკანონმდებლო ნორმებში, რომელიც ამ მიმართულებით პარლამენტის მიერ "უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ" კანონის ფარგლებში იქნა მიღებული და 2014 წლის 1-ელი სექტემბრიდან ამოქმედდა, ცვლილებები შედის. შესაბამისი კანონპროექტი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და იუსტიციის სამინისტროს ავტორობით და მთავრობის ინიციატივით პარლამენტს განსახილველად უკვე წარედგინა.