„იმპორტი გაიზარდა, 1,5 მლრდ კლვტ/სთ-ს გადააჭარბა, ახლა ამას რომ ენგურჰესიც დაემატოს, მთლად მძიმე მდგომარეობაში ვვარდებით“

„ენგურჰესზე ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამავე დროს უნდა ვიმუშაოთ აფხაზებთან, იმიტომ, რომ მათთვისაც არ იქნება ეს სახარბიელო გადაწყვეტა“,- ამის შესახებ ენერგეტიკის და მდგრადი განვითარების ინსტიტუტის დირექტორმა მურმან მარგველაშვილმა რადიო „პალიტრისა“და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ განაცხადა.

ენერგეტიკოსის მოსაზრებით, რუსეთი თუ მოინდომებს, მას შეუძლია ენგურჰესი ჩახსნას საქართველოს სისტემიდან. ამიტომ აუცილებელია, რომ საქართველომ საკუთარი ენერგოდამოუკიდებლობა და უსაფრთხოება გააძლიეროს.

„ენგურჰესის გარეშეც ჩვენ გარე წყაროებზე ვართ ელექტროენერგეტიკაში ძალიან სერიოზულად დამოკიდებული. იმპორტი გაიზარდა, 1,5 მლრდ კლვტ/სთ-ს გადააჭარბა, ახლა ამას რომ ენგურჰესიც დაემატოს, მთლად მძიმე მდგომარეობაში ვვარდებით.

ენგურის თემაზე სპეკულირება არ არის საჭირო იმისთვის, რომ ჩვენი ენერგეტიკული უსაფრთხოების გამყარება დავიწყოთ. რა თქმა უნდა, ენგურჰესზე ყველაფრისთვის უნდა ვიყოთ მზად, ამავე დროს უნდა ვიმუშაოთ აფხაზებთან, იმიტომ, რომ მათთვისაც არ იქნება ეს სახარბიელო გადაწყვეტა და ყველანაირი, პოლიტიკური, ტექნიკური ღონისძიებები უნდა მივიღოთ იმისთვის, რომ ავიმაღლოთ ჩვენი დამოუკიდებლობის და უსაფრთხოების ხარისხი. ამაში კი, უპირველესი, რა თქმა უნდა, საკუთარი რესურსების განვითარებაა, არამარტო ჰიდროსი, ასევე ქარის და მზის. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ენერგოეფექტიანობა, ანუ დაზოგვა, იმის, რაც გვაქვს ყაირათიანად მოხმარება. აქ ჯერ კიდევ დიდი სამუშაო გვაქვს ჩასატარებელი“,- განაცხადა მურმან მარგველაშვილმა.

ნინი ქეთელაური