კახა კალაძემ საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის საერთაშორისო კონფერენცია გახსნა

ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ საქართველოს ნავთობის, გაზის, ინფრასტრუქტურისა და ენერგეტიკის მე-14 საერთაშორისო კონფერენცია გახსნა.

ორდღიან კონფერენციაში მონაწილეობას იღებენ საერთაშორისო ენერგეტიკული ორგანიზაციების, ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საქართველოს ენერგეტიკული განვითარების ფონდის, სახელმწიფო ნავთობისა და გაზის სააგენტოს, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის, საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის წარმომადგენლები.

"დღეს განხილული იქნება რეგიონში მიმდინარე პროცესები, ის პროექტები, რომლებიც ხორციელდება - საერთაშორისო და ადგილობრივი. ვისაუბრებთ იმ პოტენციალზე, რომელიც ქვეყანას გააჩნია, ჩვენ ასევე ვისაუბრებთ ჩვენს მონაწილეობაზე ტრანსანატოლიის პროექტის მშენებლობაში. ეს არა მარტო რეგიონისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ევროპისთვისაც", - განაცხადა კონფერენციის დაწყებამდე კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში მონაწილეები განიხილავენ "სამხრეთ გაზის კორიდორის" პროექტის განვითარებას და პერსპექტივებს. ასევე განხილული იქნება საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტირების შესაძლებლობები და პერსპექტივები.