სემ ბენქმენ-ფრიდს 250 მლნ დოლარის გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ

გაკოტრებული კრიპტობირჟა FTX-ის თანადამფუძნებელს, სემ ბენქმენ-ფრიდს, რომელიც ბაჰამის კუნძულებიდან აშშ-ში ექსტრადიციას საკუთარი ნებით დათანხმდა და სასამართლოს წინაშე წარსდგა, 250 მილიონ დოლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლებენ. აღსანიშნავია, რომ გირაოს ეს თანხა აშშ-ს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მაღალია.

30 წლის ბენქმენ-ფრიდს 8 ბრალდება აქვს წაყენებული, მათ შორისაა კლიენტებისა და კრედიტორების წინააღმდეგ თაღლითობა, ფულის გათეთრება და კამპანიის დაფინანსების წესების დარღვევა, რომელთა დადასტურების შემთხვევაშიც, შესაძლოა, მას მთელი ცხოვრება ციხეში გაეტარებინა.

ფედერალური სასამართლოს გადაწყვეტილებით, ის მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ იქნება - დაუმონტაჟდება მდებარეობის ამომცნობი სამაჯური, პასპორტი კი უკვე ჩამოერთვა. ასევე, შეეზღუდება თავისი მშობლების სახლის გარეთ გასვლა, მონიტორინგის ქვეშ კი ვარჯიშის და თერაპევტის ნახვის საშუალება ექნება.

ამ ოდენობის გირაო მიანიშნებს დანაშაულების სიმძიმეზე, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ გაკოტრებულ ბენქმენ-ფრიდს ამხელა თანხის მოძიება შეუძლია. როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მისი აქტივები ახლა 100,000 დოლარამდეა შემცირებული.

კახი ჩაკვეტაძე