2023 წელს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი 60%-ით გაიზარდა

2023 წლისთვის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტი, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო” მხარდაჭერით, 60%-ით გაიზარდა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნული პროექტი შვედეთის მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ბიუჯეტი 1 114 000 ევროს შეადგენს.

„სააგენტოს გაზრდილი ბიუჯეტი ითვალისწინებს კრწანისის ტყეპარკის აღდგენისა და ველური ბუნების მართვის მიმართულებების გაძლიერებას. ველური ბუნების სააგენტო 2023 წელს მუშაობას დაასრულებს საქართველოს კანონპროექტზე „ნადირობისა და სანადირო სახეობების მართვის“ შესახებ, რის შედეგადაც მოხდება სახეობათა პოპულაციების მონიტორინგი და კონტროლი, ბრაკონიერობის შეზღუდვა, სამონადირეო სივრციდან ეკონომიკური სარგებლის დაგეგმვა, სოფლის მოსახლეობისთვის ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. შვედეთის მთავრობის დახმარებით, მიმდინარე პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველოს“ ფარგლებში, ველური ბუნების სააგენტოს მიერ, დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან ერთად, ალგეთის დაცულ ტერიტორიაზე, 2023 წელს დაგეგმილია კეთილშობილი კავკასიური ირმის საშენის მოწყობა; შეიღობება 200 ჰა-მდე ტერიტორია.

აღსანიშნავია, რომ ველური ბუნების სააგენტოს ორგანიზებით, ტყეპარკში მწვანე საფარის აღდგენის პროცესი დაიწყო და მასშტაბური სამუშაოები 2023 წელსაც გაგრძელდება; დაირგო ჭალის ტყისთვის დამახასიათებელი სახეობების, როგორც წიწვოვანი, ასევე ფოთლოვანი ხეები; აიკრძალა ნადირობა, ძოვება. დროებით შეიზღუდა თევზჭერა, მერქნული მასალის გატანა, ცეცხლის დანთება და სხვა“, - ნათქვამია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.