თელავის მუნიციპალიტეტის მერმა საზოგადოებას 2022 წლის ანგარიში წარუდგინა

თელავის მუნიციპალიტეტის 28-ვე სოფლის მოსახლეობას და საზოგადოების წარმომადგენლებს 2022 წლის განმავლობაში განხორციელებული პროექტები წარედგინათ.

როგორც თელავის მუნიციპალიტეტის მერმა ლევან ანდრიაშვილმა აღნიშნა, მერიის საქმიანობის პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული პროექტებია, თუმცა ამავე დროს გასულ წელთან შედარებით გაზრდილია სოციალური დახმარებების ბიუჯეტიც.

თელავის მერიის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 2022 წლის დასაწყისში 28 302 000 ლარს შედგენდა, განხორციელებული ცვლილებების და მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხების ასახვით კი ბიუჯეტი საბოლოოდ განისაზღვრა 79 513 820 ლარით.

მერის განცხადებით, წელს პირველად თელავის მუნიციპალიტეტმა დაიწყო ევროკავშირის დაფინანსებით გათვალისწინებული პროექტების განხორციელება -„სწორედ ამ პროგრამით დაიწყო ისეთი მნიშვნელოვანი პროექტები, როგორიცაა ახალი მშვიდობის სკვერის მშენებლობა, თელავის კორტების და ნადიკვარის რეაბილიტაცია, ახალი რეკრეაციული სივრცე ჩოხელისა და ბახტრიონის ქუჩებს შორის, ახალი ფეხბურთის მოედანი და სხვა“.

ლევან ანდრიაშვილის განცხადებით, სწორედ ინფრასტრუქტურული პროექტები უწყობს ხელს მუნიციპალიტეტის განვითარებას, რაც საბოლოოდ თითოეული მოქალაქის კეთილდღეობაზე აისახება.

„სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ! – იმ უპასუხისმგებლო შემსრულებლებს, ვინც სახელმწიფო დაკვეთით ასრულებენ სამუშაოებს, ვპირდები, არ გაუვათ გულგრილობა დაკისრებული ვალდებულებების მიმართ, ყველას კანონის ფარგლებში უმკაცრესად მოეთხოვება პასუხი! არაერთი კომპანია მოხვდა შესყიდვების „შავ სიაში" და პირობას ვდებ მომავალში თუ მსგავსი შემთხვევები განმეორდა, ეს სიაც და საჯარიმო სანქციებიც კიდევ უფრო გაიზრდება!“, - განაცხადა მერმა.

თელავის მერიის ინფორმაციით, შეხვედრის ბოლოს მუნიციპალიტეტის მერმა და მოსახლეობამ ადგილობრივი საკითხები და მომავალი წლის ბიუჯეტის პრიორიტეტები განიხილეს.