Reuters: გერმანია ირანთან ბიზნესის განვითარების ზომებს აჩერებს

გერმანიამ მიიღო გადაწყვეტილება, გააჩეროს მთელი რიგი ზომები, რომელიც მიმართული იყო ირნათან ბიზნესის განვითარებისკენ, ამის მიზეზი კი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა სახელდება. ამის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი გერმანიის ეკონომიკისა და კლიმატის სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მისი მონაცემებით, აღნიშნული გადაწყვეტილება გავლენას იქონიებს საექსპორტო კრედიტებსა და საინვესტიციო გარანტიებზე, ასევე გერმანული მენეჯერების განვითარების პროგრამაზე და სავაჭრო-საგამოფენო ღონისძიებებზე ირანში. 2021 წელს გერმანია-ირანის სავაჭრო მოცულობა 1,76 მლრდ ევრო იყო.

ცნობისათვის ირანში მღელვარება 16 სექტემებრს დაიწყო, 22 წლის მაჰსა ამინის დასაფლავების შემდეგ, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, პოლიციამ თავსაბურავის არასწორად ტარების გამო დააკავა და დაკითხვის დროს გულის შეტევით გარდაიცვალა. თუმცა სოციალურ ქსელებში გავრცელებული ინფორმაციით, ამინი პოლიციელებმა სცემეს. აღნიშნულიდან გამომდინარე ქვეყნის ტერიტორიაზე ფართომასშტაბიანი აქციები არ წყდება.

კოკა კვირკველია