ავტომწარმოებელმა SsangYong სახელი გამოიცვალა და KG გახდა

სამხრეთ-კორეული საავტომობილო კომპანია SsangYong Motor-ის ახალმა ხელმძღვანელმა კვაკ ჩჟე სონმა გადაწყვიტა კომპანიას სახელი შეუცვალოს და KG Mobility გახდეს. ამის შესახებ კორეული გამოცემა The Korea Times წერს.

ჩჟე სონის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ბრენდ SsangYong-ს ჰყავს გულშემატკივრები, მასთან „მტკივნეული ასოციაციებია“ დაკავშირებული. „SsangYong-ის ახალი ავტომობილები ამიერიდან KG სახელით გამოვა, თუმცა მათი ისტორია არ შეიცვლება“ - განაცხადა მან და დასძინა, რომ სახელის ცვლილება ოფიციალურად მარტში აქციონერებთან შეხვედრის შემდეგ გამოცხადდება.

კვან ჩჟე სონი კონგლომერატ KG Group-ის ხელმძღვანელია, რომელშიც შედის ქიმიური და ფოლადის გადამამუშავებელი კომპანიები. ნოემბერში კონსორციუმმა KG Group-ით სათავეში SsangYong-ის აქციების 62% შეიძინა. როგორც ცნობილია, ვალების გამო ამ კომპანიას სერიოზული პრობლემები დაუგროვდა. 2020 წელს მან გაკოტრების შესახებ განაცხადი გააკეთა, ხოლო 2022 წელს ის პირობების არშესრულების გამო ელექტრომობილების მწარმოებელმა Edison Motors-მა ვერ შეიძინა.

SsangYong-ისთვის ეს არ არის სახელის პირველი ცვლილება. აქამდე ის ცნობილი იყო როგორც Ha Dong-hwan Motor და Dong-A Motor. ახლანდელი სახელი კი 1988 წლიდან გამოიყენება.

კოკა კვირკველია