ქართველი მწარმოებლის ხილ-ბოსტნეულის კონსერვები ექსპორტზე ევროპასა და აშშ-ში გადის

ინდმეწარმე გოჩა ოთარაშვილის მიერ წელს დაწყებული ხილისა და ბოსტნეულის დაკონსერვებული ქარხნის პროდუქცია მხოლოდ შიდა ქართულ ბაზარზე არ არის წარმოდგენილი. ამიერიდან, ის ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში, კერძოდ კი საფრანგეთში, გერმანიაში, პოლონეთში, ასევე ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და აშშ-ში გავა.

წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი საკმაოდ მრავალფეროვანია, კერძოდ, ტყემლის რამდენიმე სახეობა, პომიდვრის სოუსები, აჯიკა, აჯაფსანდალი, კომშის, ფეიხოას და მარწყვის ჯემები, ხილისა და კენკრის კომპოტები და ა.შ.

როგორც EastFruit-ი წერს, გოჩა ოთარაშვილი ქარხნის პროდუქციას სხვადასხვა ტევადობის მინის ბოთლებსა და ქილებში აწარმოებს, ძირითადად 250 - 500 გრ-მდე - დამკვეთის მოთხოვნებიდან გამომდინარე. წლიური წარმოების მოცულობა 0,5 მლნ სტანდარტული ქილაა.

წარმოებისთვის ნედლეულის შეძენა ხდება ექსკლუზიურად ადგილობრივი ფერმერებისგან, სეზონის მიხედვით. ერთი და იგივე ხილის ან ბოსტნეულის დამუშავება შეიძლება განსხვავდებოდეს რეცეპტის მიხედვით.

გოჩა ოთარაშვილის თქმით, ამ ეტაპზე ქარხანას საკუთარი ბრენდი არ აქვს და მისი პროდუქცია ბაზარზე ერთდროულად სამი ბრენდით არის წარმოდგენილი.

„მაგალითად, გერმანიასა და საფრანგეთში ჩვენი პროდუქცია წარმოდგენილია ეთნიკური ქართველების მიერ სტრასბურგში დაარსებული კომპანიის ბრენდის Mimino-ს ქვეშ. მათთან 10 წელზე მეტია ვთანამშრომლობ. აშშ-სა და სომხეთში - სხვა ბრენდის ქვეშ. ქართულ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია თითქმის მთლიანად არის „ქართული ნატურალური პროდუქტის“ ბრენდის ქვეშ, იმავე ბრენდით ჩვენ ექსპორტს ვახორციელებთ პოლონეთსა და ბალტიისპირეთის ქვეყნებში. ადგილობრივ ბაზარზე ჩვენი პროდუქცია უმეტესად სუპერმარკეტების ქსელშია, თითქმის ყველაში, გარდა „კარფურისა“ და „მაგნიტისა“, სადაც პირობებით არ ვიყავით კმაყოფილი“, - განაცხადა მან.

გოჩა ოთარაშვილმა ასევე განაცხადა, რომ ის და „ქართული ნატურალური პროდუქტის“ თანადამფუძნებლები ამჟამად განიხილავენ საწარმოების გაერთიანებისა და ერთი ბრენდის ქვეშ პროდუქციის წარმოების შესაძლებლობას.

ეკა დარჩიაშვილი