Ecfr: დამსხვრეული ოცნება - ოლიგარქი, რუსეთი და საქართველო, რომელიც დასავლეთს შორდება

ევროპის საგარეო ურთიერთობათა საბჭო ვრცელ სტატიას უძღვნის ბიძინა ივანიშვილის მმართველობას, მის რუსეთთან კავშირებსა და მცდელობებს, საქართველო დასავლეთს ჩამოაშოროს.

საქართველომ შესაძლოა, მალე უარი თქვას დასავლეთთან ინტეგრაციის მცდელობებზე. 1991 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, სამხრეთ კავკასიის ეს პატარა, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ქვეყანა ევროკავშირის გზაზე დგას. თუმცა, ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში და განსაკუთრებით ბოლო 18 თვის განმავლობაში, საქართველოს მმართველმა კოალიციამ გადადგა რიგი ნაბიჯები, რომლებიც, როგორც ჩანს, მიზნად ისახავს ქვეყნის დაშორებას დასავლეთისგან და თანდათან რუსეთის გავლენის სფეროში გადაყვანას. ამ ნაბიჯებმა აიძულა ევროსაბჭო, ივნისში უარი ეთქვა საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატად დაყენებაზე. ევროკავშირიდან ამ დაშორებაზე პასუხისმგებლობის დიდი ნაწილი ეკისრება ოლიგარქს და ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს.

შესაძლოა, კოალიცია „ქართული ოცნება“ უბრალოდ ფრთხილობს, რომ არ განაწყენდეს რუსეთი უკრაინაში მისი შეჭრისა და სხვა მეზობელ ქვეყნებში აგრესიის პოტენციალის შემდეგ. ეს შეიძლება იყოს მიზეზი იმისა, რომ მან უარი თქვა მონაწილეობა მიიღოს დასავლეთის სანქციებში რუსეთის წინააღმდეგ ან სხვაგვარად გაუწიოს უფრო გულუხვი დახმარება უკრაინას.

რატომ აკეთებს „ქართული ოცნების“ მთავრობა ამდენ ანტიდასავლურ ჟესტს და განცხადებას, როცა საქართველოს 3.7 მილიონი მოქალაქის სულ მცირე სამი მეოთხედი ზოგადად მხარს უჭერს დასავლეთთან ინტეგრაციას და მხოლოდ 2%-ია პრორუსული.

ამ ცვლილების მიზეზი ივანიშვილის პოლიტიკურ ხასიათშია. ის არის მილიარდერი, რომელმაც თავისი სიმდიდრის უმეტესი ნაწილი 90-იან წლებში რუსეთში მოიპოვა და 2012 წლიდან თბილისსა და მოსკოვს შორის ურთიერთობების „ნორმალიზებას“ ცდილობს.

რაც მთავარია, ბოლო 18 თვის განმავლობაში, „ქართული ოცნებისა“ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა სულ უფრო ხშირად დაიწყეს მტრული განცხადებების გაკეთება დასავლელი პარტნიორების მიმართ. საინფორმაციო ორგანიზაცია OC Media იუწყება , რომ 2022 წლის თებერვლიდან ივლისამდე მმართველი პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ რუსეთის მიმართ კრიტიკულად მხოლოდ ცხრა კომენტარი გააკეთა, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში 57 უარყოფითი შენიშვნა მოითვალეს დასავლეთის მიმართ და 26 უკრაინის მიმართ.

როგორ შექმნა რუსეთმა ივანიშვილი

როგორც ცოტა ხნის წინ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა დეპუტატმა დაადასტურა, ივანიშვილი არის „გადაწყვეტილების მთავარი მიმღები საქართველოში, განსაკუთრებით ისეთ სენსიტიურ საკითხებზე, როგორიცაა რუსეთი“.

ივანიშვილი დაიბადა 1956 წელს სოფელ ჭორვილაში, რუსეთის საზღვართან ახლოს. მიუხედავად მოკრძალებული წარმოშობისა, მან 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საინჟინრო-ეკონომიკური ფაკულტეტი. მოგვიანებით კი გადავიდა მოსკოვში, სადაც გაიცნო ვიტალი მალკინი - რუსი ბიზნესმენი და პოლიტიკოსი, რომელთანაც პერესტროიკის დროს დააარსა წარმატებული ბიზნესი კომპიუტერებისა და სხვა ელექტრონული მოწყობილობების გაყიდვით. ამ ვაჭრობაში შეძენილმა სიმდიდრემ მათ საშუალება მისცა შემდგომში შესულიყვნენ მომგებიან ლითონებისა და საბანკო სექტორში.

ივანიშვილმა და მალკინმა დააარსეს „როსიისკი კრედიტი“ - ბანკი, რომელიც სწრაფად იზრდებოდა და მათი ბიზნეს-იმპერიის ცენტრი გახდა. ივანიშვილმა ფრთხილი მიდგომა გამოიჩინა 1990-იანი წლების ქაოტურ რუსეთთან, თავიდან აიცილა მომგებიანი, მაგრამ პოლიტიკურად საშიში სექტორები, როგორიცაა ნახშირწყალბადები. მან ყურადღება გაამახვილა მინერალების მოპოვებისა და გადამამუშავებელ კომპლექსებზე, რომლებიც იყიდა დაბალ ფასად, რათა მოგვიანებით გაეყიდა უზარმაზარი მოგებით. ივანიშვილმა თანდათან გააფართოვა თავისი ბიზნეს საქმიანობა რუსეთში ისეთ სფეროებში, როგორიცაა უძრავი ქონება, ფარმაცევტული პროდუქტები და სოფლის მეურნეობა, სანამ თავისი სიმდიდრის ნაწილს საზღვარგარეთ გადაიტანდა.

2000 წელს ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პუტინი სტაბილურად აკონტროლებდა ოლიგარქებს. ეს განსაკუთრებით გამოიკვეთა 2003 წელს, როდესაც რუსეთის ხელისუფლებამ დააპატიმრა ხოდორკოვსკი და ჩამოართვა აქტივები (დაწყებული ნავთობკომპანია Yukos-ით). დღეს ისეთ ფიგურებსაც კი, რომლებიც ახლა ცდილობენ კრემლისგან დისტანცირებას, როგორებიც არიან მიხაილ ფრიდმანი, რომან აბრამოვიჩი, პიოტრ ავენი და ვიქტორ ვეკსელბერგი, აუცილებლად უნდა ემსახურონ პუტინის რეჟიმის ინტერესებს ამა თუ იმ გზით. ამ მიზეზით, მაგალითად, აბრამოვიჩს სანქციები დააკისრა 2022 წლის მარტში დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, რომელმაც განაცხადა, რომ ის ინარჩუნებს "მჭიდრო ურთიერთობას" პუტინთან და ამ ურთიერთობიდან "ფინანსური სარგებელი" მიიღო.

უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ, მიუხედავად ტრადიციული სოლიდარობისა საქართველოსა და უკრაინას შორის, როგორც რესპუბლიკებს შორის, რომლებიც ოდესღაც საბჭოთა მმართველობის დროს დაზარალდნენ, თბილისსა და კიევს შორის ურთიერთობა სერიოზულად გაუარესდა. საქართველოს ხელისუფლებამ ოფიციალურად დაგმო რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში, როგორც „მიუღებელი“ პირველივე დღეს, უკრაინას ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და ქვეყანას დიპლომატიურად დაუჭირა მხარი ისეთი ორგანოების მეშვეობით, როგორიცაა გაერო და ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაცია. თუმცა, თებერვლიდან ღარიბაშვილმა უკრაინის ხელისუფლება განარისხა და განაცხადა, რომ საქართველო არ გეგმავს მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკურ სანქციებში, რადგან ეს მხოლოდ ზიანს აყენებს ჩვენს ქვეყანას და მოსახლეობას. საქართველოს ხელისუფლებამ შემდგომში აუკრძალა უკრაინულ კერძო თვითმფრინავს თბილისში დაშვება მოხალისე მებრძოლების ასაყვანად. უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ღარიბაშვილის „ამორალური პოზიციის“ მოტივით საქართველოდან თავისი ელჩი გაიწვია.

ევროკავშირი ვერ ახერხებს საქართველოში თავისი საჯარო იმიჯის მართვას. მთავრობამ გააღრმავა ევროკავშირის კრიტიკა.

ევროკავშირმა უნდა გამოიყენოს ქართველი ხალხის დიდი მხარდაჭერა დასავლეთთან ინტეგრაციისადმი, მათთან უშუალო საუბრის გზით. ისინი ევროკავშირის საუკეთესო მოკავშირეები არიან ქვეყანაში იმ დროს, როდესაც მისი მთავრობა, როგორც ჩანს, რუსეთისკენ მიისწრაფვის. ევროპელი ლიდერები უნდა ჩაერთონ საქართველოს მოქალაქეებთან, ქვეყნის სხვადასხვა პოლიტიკურ მოთამაშეებთან დისკუსიის ყველა ეტაპზე. მათ უნდა აუხსნან რას აკეთებს ევროკავშირი და როგორ აღიქვამს ამ მოთამაშეების განცხადებებსა და ქმედებებს. კერძოდ, მათ უნდა ჩამოაყალიბონ თუ რა საფრთხე ემუქრებათ, თუ მთავრობა არ მიაღწევს ნამდვილ პროგრესს 12 პუნქტში.

განიხილეთ ივანიშვილზე სანქციების დაწესება

ვინაიდან ივანიშვილს უპირველეს ყოვლისა ეკისრება ანტიდასავლური განწყობა საქართველოში, ევროკავშირმა უნდა განიხილოს მისთვის პირადი სანქციების დაწესება. მაგრამ მათ ასევე უნდა გაითვალისწინონ, რომ მისი ყველაზე ღრმა შიში შეიძლება მომდინარეობდეს კრემლიდან - რომელიც მოითხოვს რუსეთის მიმართ პოლიტიკურ ლოიალობას - და შეიძლება ეხებოდეს არა მხოლოდ მისი სიმდიდრის დაცვას. ამის გათვალისწინებით, უმჯობესია პირადი სანქციების საფრთხის შემოღება მხოლოდ ეტაპობრივად, რათა ივანიშვილს მიეცეს დრო და სივრცე საქართველოს კურსის გადატვირთვისთვის.

დასკვნა

მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მოღვაწეები უარყოფენ ივანიშვილის გავლენას ქართულ პოლიტიკაზე, მაგრამ მტკიცებულებები იმაზე მეტყველებს, რომ მილიარდერი თბილისში ძლიერი ფიგურაა. როგორც ძლიერი ოლიგარქი, რომელმაც ფული გამოიმუშავა რუსეთში 90-იან წლებში. ათი წლის შემდეგ, რაც მან დაიწყო როგორც ფორმალურად, ისე არაფორმალურად ქვეყნის მთავარი ინსტიტუტების კონტროლი, მოსკოვის მხრიდან მის მიმართ არანაირი კრიტიკა არ მომდინარეობს. ეს, სავარაუდოდ, მხოლოდ იმიტომ კი არ არის, რომ 2012 წელს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლისას დაპირდა რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, არამედ იმიტომაც, რომ მან აღადგინა საქართველოში კრემლისთვის სასარგებლო ბერკეტების რამდენიმე ფორმა.

ბოლო წელიწადნახევრის განმავლობაში მთავრობა და ივანიშვილის უკან მდგომი მმართველი პარტია ცდილობდნენ ქვეყანაში ანტიდასავლური გრძნობების წახალისებას. ერთად აღებული, ქართული ოცნების მთავრობის განცხადებები და ქმედებები ძლიერ წააგავს მიზანმიმართულ მცდელობას საქართველოს დასავლეთისგან განდევნის. თბილისს ახლა დაახლოებით ერთი წელი აქვს იმისათვის, რომ დააკმაყოფილოს ევროსაბჭოს მიერ დადგენილი 12 პუნქტი, სანამ საბჭო გადაწყვეტს მიანიჭოს თუ არა საქართველოს კანდიდატის სტატუსი. ამიტომ, მომავალი პერიოდი გადამწყვეტია ქვეყნის მომავლისთვის: ათწლეულების განმავლობაში ევროატლანტიკურ ინტეგრაციაზე მუშაობის შემდეგ, კრემლთან დაახლოებული ოლიგარქის ქმედებები შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ საქართველო კვლავ გამოტოვებს ისტორიის დასავლეთისკენ მიმავალ მატარებელს.

ეკა დარჩიაშვილი