ლიეტუვაში დენი და გაზი გაძვირდა

ლიეტუვის ენერგეტიკის რეგულირების სახელმწიფო საბჭომ 2023 წლის პირველი ნახევრისთვის ელექტროენერგიისა და გაზის გაზრდილი ტარიფები დაამტკიცა. ინფორმაციას „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია Ignitis grupe-ის (ყოფილი Lietuvos energija) ინფორმაციით, სტანდარტული ერთნაწილიანი ტარიფი 1-ლი იანვრიდან კვტ/სთ-ზე, სახელმწიფო კომპენსაციითა და დღგ-ს ჩათვლით, 28 ცენტი, ხოლო კომპენსაციის გარეშე 56,5 ცენტი იქნება, რაც ამჟამინდელ ოდენობაზე 17%-ით მეტია.

საკვები პროდუქტების დამამზადებელი მომხმარებლებისთვის ბუნებრივი აირის ფასი სახელმწიფო კომპენსაციით კუბურ მეტრზე 1,4 ევრო, კომპენსაციის გარეშე კი 2,39 ევრო იქნება, რაც მიმდინარე ტარიფზე 37,3%-ით მეტია. მომხმარებლები, რომლებიც სახლის გასათბობად წელიწადში 20 ათას კუბურ მეტრამდე გაზს იყენებენ, ტარიფი 19,5%-ით მეტი, ანუ 0,92 ევრო (კომპენსაციის გარეშე - 1,91 ევრო) იქნება, ხოლო მესამე ჯგუფისთვის, ვინც გაზს გათბობისთვის და ელექტროენერგიის გამომუშავებისთვის იყენებს, ფასი 0,88 ევრომდე (კომპენსაციის გარეშე - 1,87 ევრომდე), ანუ 17,3%-ით იზრდება.

Ignitis grupe-ის მონაცემებით, ბუნებრივ აირზე საშუალო თვიური გადასახადი, დაახლოებით, 1,58 ევროთი იზრდება იმ მომხმარებლებისთვის, რომლებიც გაზს სამზარეულოსთვის იყენებენ, ხოლო 14 ევროთი უძვირდება მათ, ვინც გაზს სახლის გასათბობად იყენებს.

მანამდე ლიეტუვის ენერგეტიკის სამინისტრო აცხადებდა, რომ 2023 წლის პირველ ნახევარში ელექტროენერგიისა და გაზის ფასების კომპენსირებას, მოხმარების მიხედვით, შესაძლოა, დაახლოებით, 530 მლნ ევრო დასჭირდეს.

მოამზად ლადო სულაბერიძემ