ახალაშენებული ბინების გაყიდვები 10%-ით, ძველის კი 7%-ით გაიზარდა - colliers

2022 წლის ნოემბერში თბილისში საცხოვრებელი ბინების ტრანზაქციების რაოდენობამ 3 865 ერთეული შეადგინა და წინა წლის ნოემბერთან შედარებით 9%-იანი ზრდა დაფიქსირდა. ამის შესახებ „კოლიერსის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევაშია აღნიშნული. მათივე ცნობით, ბაზრის ზომა 28%-ით, 214 მილიონ აშშ დოლარამდეა გაზრდილი.

„2022 წლის ნოემბერში ახალ პროექტებში ტრანზაქციების 10%-იანი ზრდა ფიქსირდება, ძველ პროექტებში კი 2021 წლის ნოემბერთან შედარებით მაჩვენებელი 7%-ით არის გაზრდილი.

2022 წლის ნოემბერში თბილისში ახალაშენებულ პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა 132%-ით გაიზარდა, მედიუმ სეგმენტში კი მაჩვენებლის 67%-იანი ზრდა დაფიქსირდა. რაც შეეხება ეკონომ სეგმენტს, ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა.

2022 წლის ნოემბერში თბილისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 15%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ფართო ცენტრში - 13%-ით, ქალაქის ცენტრში კი 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

2022 წლის ნოემბერში თბილისში ძველი ბინების საშუალო შეწონილი გასაყიდი ფასი 11%-ით გაიზარდა გარეუბნებში, ქალაქის ცენტრსა და ფართო ცენტრში კი 9% და 2%-იანი ზრდა დაფიქსირდა,“- ნათქვამია კვლევაში.

თაია არდოტელი