დღეს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის მორიგი სხდომა დღეს გაიმართება.

როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, სხდომის ჩატარება დღის მეორე ნახევარშია დაგეგმილი, რომლის დასრულების შემდეგ კომიტეტის გადაწყვეტილება საქართველოს ეროვნული ბანკის ვებგვერდზე გამოქვეყნება, რომელიც შეიცავს ინფორმაციას მიღებული გადაწყვეტილებისა და მისი მიღების მოტივაციის შესახებ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომა 11 თებერვალს გამართა, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული და რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაიზარდა.

როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, მონეტარული პოლიტიკის გადაწვეტილება მაკროეკონომიკურ პროგნოზს ეფუძნება, რომლის მიხედვითაც, საგარეო შოკის გავლენით საპროგნოზო ინფლაციაზე მოქმედი რისკები გაიზარდა. მათივე განმარტებით, ინფლაციის მოლოდინების ზრდის გასანეიტრალებლად კომიტეტი მიზანშეწონილად თვლის შერბილებული მონეტარული პოლიტიკიდან ეტაპობრივ გამოსვლას. თუმცა, მიუხედავად პოლიტიკის გამკაცრებისა, პოლიტიკის განაკვეთი ნეიტრალურ ნიშნულზე დაბლა რჩება. მიმდინარე პროგნოზით, თუკი არ გამოიკვეთა ეკონომიკაზე მოქმედი სხვა შოკები, მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი, 2015 წლის ბოლოს 5%-ის ფარგლებში იქნება.

რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით გაზრდის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული, ლარში გამოტანილი სესხები ნახევარი პროცენტით გაძვირდა.

როგორც ეროვნულ ბანკში განაცხადეს, მონეტარული პოლიტიკის შემდგომი ცვლილების დინამიკა დამოკიდებული იქნება მოსალოდნელი ინფლაციის დინამიკაზე, ეკონომიკური აქტივობის ზრდის ტენდენციებზე, გლობალურ და რეგიონულ ეკონომიკურ გარემოზე.