McDonald's-მა ბუჩაში საშობაოდ მუშაობა განაახლა

McDonald's-მა საშობაო დღესასწაულების წინ მუშაობა ბუჩაში განაახლა. ინფორმაციას კომპანიის პრესსამსახურზე დაყრდნობით „ინტერფაქს-უკრაინა“ ავრცელებს.

ბუჩაში McDonald's-ის შენობა 2022 წლის მარტში საომარი მოქმედებების შედეგად დაზიანდა, მაშინ, როცა რესტორანი ახალი იყო და სულ რაღაც 2020 წლის 23 დეკემბერს გაიხსნა.

„ჩვენი გუნდისთვის ადგილობრივი საზოგადოების მხარდასაჭერად უაღრესად მნიშვნელოვანი იყო რესტორნის რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა, რომ ბუჩაში ჩვეული სერვისით, საყვარელი საკვები პროდუქტებით დავბრუნებულიყავით და ქალაქის ინფრასტრუქტურის აღდგენისკენ ერთ-ერთი ნაბიჯი გადაგვედგა,“ - აცხადებს McDonald's-უკრაინის გენერალური დირექტორი, იულია ბადრიტდინოვა.

რესტორანი 09:00-დან 21:00 საათამდე იმუშავებს და აღჭურვილია გენერატორით, რომელიც დაწესებულებას ელექტროენერგიის გათიშვის დროს სტაბილური მუშაობის საშუალებას მისცემს. ამ ობიექტზეც ისეთივე გაფართოებული უსაფრთხოების წესები იმოქმედებს, როგორიც სხვა რესტორნებშია, ანუ საჰაერო თავდასხმის დროს დაიხურება და განგაშის შეწყვეტიდან ერთი საათის შემდეგ გაიხსნება.

McDonald's-ის რესტორნების ეტაპობრივი გახსნა უკრაინაში მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან დაიწყო. 25 დეკემბრის მდგომარეობით, უკრაინაში უკვე ქსელის 64 ობიექტი მუშაობს. 24 თებერვლამდე McDonald's-უკრაინის ქსელი ქვეყნის 24 ქალაქში 109 რესტორნისაგან შედგებოდა. ისინი მიმდინარე წლის 24 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო უსაფრთხოების მიზნით დაიხურა. კომპანიამ 10 000-ზე მეტი თანამშრომლისგან შემდგარი გუნდი შეინარჩუნა, ვისთვისაც ხელფასის გადახდას განაგრძობდა. ამასთან, საწყობებიდან და რესტორნებიდან 70 მლნ გრივნაზე მეტი, დაახლოებით, 1 900 000 დოლარის ღირებულების 700 ტონა პროდუქცია ჰუმანიტარული საჭიროებისთვის იქნა შეწირული.

McDonald's ამჟამად უკრაინისა და უკრაინელების მხარდაჭერას დაზარალებული ოჯახებისა და საავადმყოფოებისთვის ჰუმანიტარული დახმარების პროგრამებით განაგრძობს, რაც ფონდ „რონალდ მაკდონალდის სახლის“ თანამშრომლების აქტიური მოხალისეობით ტარდება. დეოკუპირებული ან ფრონტისპირა ზონის უკრაინულ ოჯახებსა და ბავშვებს, რომლებიც იძულებული გახდნენ, სახლები დაეტოვებინათ, უკვე საკვები პროდუქტების 150 000-ზე მეტი კომპლექტი გადაეცათ. ამასთან, საავადმყოფოებისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის სამედიცინო აღჭურვილობის შეძენისა და ჰუმანიტარული დახმარების პროგრამით, სამედიცინო დაწესებულებებმა ვაკუუმთერაპიის აპარატები მიიღეს, რომლებიც აფეთქებული ნაღმებით მიყენებული ჭრილობების სამკურნალოდ გამოიყენება.

McDonald's-უკრაინის პირველი რესტორანი კიევში 1997 წლის 24 მაისს გაიხსნა. იურიდიული პირებისა და ინდივიდუალური მეწარმეების ერთიანი სახელმწიფო რეესტრის მიხედვით, უკრანის ფილიალის 100%-იანი წილის მფლობელი ლონდონში რეგისტრირებული MCD Europe Limited-ია.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ