CEBR-ის პროგნოზი - ჩინეთის ეკონომიკა ამერიკულს 2036 წლამდე ვერ გადაუსწრებს

ჩინეთის ეკონომიკა აშშ-ის მშპ-ს 2036 წლამდე ვერ გადააჭარბებს. ამის შესახებ ბრიტანეთის ეკონომიკისა და ბიზნესის კვლევითი ცენტრი (CEBR) პროგნოზირებს, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

CEBR-ის პროგნოზი გასული წლის მოლოდინებზე ექვსი წლით არის გაზრდილი. ამის მიზეზად კვლევითი ცენტრი COVID-19-ის მიმართ ჩინეთის „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკასა და დასავლელ პარტნიორებთან მზარდ სავაჭრო დაძაბულობას ასახელებს, რაც ქვეყანაში ეკონომიკურ აქტივობას აფერხებს. ექსპერტები ვარაუდობენ, რომ საშუალოვადიან პერიოდში ჩინეთის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო წლიური ზრდის ტემპი 3%-მდე შენელდება.

CEBR-ის პროგნოზით, 2023 წელს გლობალური ეკონომიკა რეცესიის წინაშე აღმოჩნდება, რადგან საპროცენტო განაკვეთების ზრდა, რაც მიზნად ისახავს ინფლაციის შეკავებას, რიგი ქვეყნების მშპ-ის შემცირებას გამოიწვევს.

ანგარიშში ნათქვამია, რომ წელს გლობალურმა ეკონომიკამ 100 ტრლნ დოლარს პირველად გადააჭარბა. CEBR მოელის, რომ 2037 წელს მისი მოცულობა 207 ტრლნ დოლარს მიაღწევს, რადგან განვითარებადი ქვეყნები უფრო მდიდარ ქვეყნებს დაეწევიან. 2037 წელს გლობალური წარმოების მესამედზე მეტი წილი აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების იქნება, რაც 33,7%-ს შეადგენს, მაშინ, როცა თხუთმეტი წლის წინათ ეს მაჩვენებელი19,5% იყო. ამასთან, ევროპის წილი ერთ მეხუთედზე ნაკლებით შემცირდება, რაც 19.4%-ს შეადგენს, მაშინ, როცა წელს 21.9%-ია, ხოლო თხუთმეტი წლის წინათ 33.8% იყო.

CEBR-ის ექსპერტების აზრით, მომავალ წელს ბარელი Brent-ის ნავთობი, საშუალოდ, 94 დოლარი ეღირება, რაც 2024 წელს 80 დოლარამდე დაეცემა.

CEBR მოელის, რომ 2023 წელს გერმანია ეკონომიკური მოცულობით იაპონიას გადაუსწრებს და აშშ-ჩინეთის შემდეგ მსოფლიო რეიტინგში მესამე ადგილს დაიკავებს, ხოლო ტოპ ათეულში შესული სახელმწიფოები, ინდოეთი, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა, რუსეთი და იტალია, იგივე ადგილებზე დარჩებიან.

თუმცა 2027 წელს იაპონია მესამე ადგილს დაიბრუნებს, გერმანია მეხუთეზე ჩამოქვეითდება, ხოლო მეოთხე ადგილზე ინდოეთი დაწინაურდება. ამასთან, ტოპ ათეულში ბრაზილია და სამხრეთ კორეა მოხვდებიან, რომლებიც იტალიასა და რუსეთს ჩაანაცვლებენ.

ექსპერტები ვარაუდობენ, რომ წელს რუსეთის ეკონომიკა 5%-ით შემცირდება, რასაც მომავალ წელს 2,8%-იანი ვარდნა მოჰყვება. ფედერაციის ეკონომიკის სტაბილურობა მხოლოდ 2024 წელს არის მოსალოდნელი. მომდევნო ათწლეულის განმავლობაში რუსეთის მთლიანი შიდა პროდუქტის საშუალო ზრდის ტემპი წელიწადში, დაახლოებით, 1,3% იქნება. CEBR შენიშნავს, რომ წელს და მომავალ წელს რუსეთის ეკონომიკა მსოფლიოში მეცხრე ადგილზე იქნება, მაგრამ 2032 წლისთვის თანდათან მე-14 პოზიციამდე ჩამოქვეითდება.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ