განუკითხაობა ინტერნეტბაზარზე!

გადასახადი ყოველ წელს იზრდება და მომხმარებელს არჩევანის საშუალებას უსპობენ

"სილქნეტის"  შემდეგ ინტერნეტმომსახურების ტარიფს "კავკასუს ონლაინიც" ზრდის და თანაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში უკვე მეორედ. "სილქნეტმა" გაძვირების მიზეზად სიჩქარის ზრდა დაასახელა. იგივე მიზეზი აქვს "კავკასუს ონლაინის" მიერ მომსახურების გაძვირებისკენ გადადგმულ ნაბიჯს. კომპანიაში იმასაც ამბობენ, რომ ტარიფი საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო გაზარდეს.

ინტერნეტ პროვაიდერების მიერ გადასახადის ზრდას უარყოფითი დამოკიდებულება უკვე მოჰყვა საზოგადოებაში. მომხმარებლები ამბობენ, რომ არც ერთმა კომპანიამ მათი ინტერესი არ გაითვალისწინა და არსებულ პაკეტებზე ტარიფი ყოველგვარი ალტერნატიული შეთავაზების გარეშე გაზარდეს. ზოგადად კი, ტარიფის ზრდით კომპანიებს კანონი არ დაურღვევიათ. როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიაში აცხადებენ, კომპანიები ახალი ტარიფის ამოქმედებამდე ვალდებულები არიან, ამის შესახებ მომხმარებელს რამდენიმე კვირით ადრე შეატყობინონ. მათ ინფორმაცია უნდა განათავსონ კომპანიის ოფიციალურ ვებ-გვერდზეც.

დღეს საქართველოში რამდენიმე ათეული აქტიური ინტერნეტ პროვაიდერია, მაგრამ საცალო ინტერნეტის ხვედრითი წილი საქართველოში, თბილისის ჩათვლით, ძირითადად შემდეგ კომპანიებზე მოდის: "კავკასუს ონლაინი", "სილქნეტი", "მაგთიკომი", "ახალი ქსელები", "ახტელი". ბაზრის 60%-ზე მეტს კი "სილქნეტი" და "კავკასუს ონლაინი" ინაწილებენ.

კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ინფორმაციით, 2015 წლის იანვარში სულ დარეგისტრირებული იყო 477 183 ინტერნეტმომხმარებელი. აქედან "სილქნეტს" 231 238 აბონენტი ჰყავს, "კავკასუს ონლაინს" - 162 063, "ახალ ქსელებს" - 42 391, "ახტელს" - 16 163 და ა.შ. რაც შეეხება ინტერნეტმოხმარების სიჩქარის ტარიფს, პრაქტიკულად, ყველა კომპანიას ერთმანეთის ანალოგიური აქვს. თუკი ერთი მსხვილი კომპანია მოხმარების ტარიფს ზრდის, იგივეს აკეთებს მეორე და თანაც ძალიან მალე.

მაგალითად, მარტის დასაწყისში "სილქნეტმა" მომხმარებლებს ახალი ტარიფი დაუწესა. 4 მარტიდან "სილქნეტის" ახალი სატარიფო პოლიტიკით მომხმარებელს ამჟამინდელ ("სილქ ოპტიკი") სტარტპაკეტის ღირებულების 20 ლარის ნაცვლად, 26 ლარის გადახდა უწევს. 5 მბ/წმ-ის ნაცვლად ახალი პაკეტის სიჩქარე 10 მბ/წმ-იანი გახდა. "დიესელ" ინტერნეტის სტანდარტული პაკეტის ღირებულება ამჟამად 37 ლარია. ახალი ტარიფით კი იგივე პაკეტი 45 ლარი ეღირება. სერვისის სიჩქარე ადრე 3 მბ/წმ-ს შეადგენდა, რაც 6 მბ/წმ-მდე გაიზრდება. იმავე პერიოდიდან ცვლილება "სილქ ტვ"-ის თემატური პაკეტების ღირებულებასაც შეეხო. თუ 'სპორტი", "კინო", "ჰობი", "საბავშვო", "პლუსი" 5 ლარი ღირდა, 4 მარტიდან ამ პაკეტებში მომხმარებელს 10 ლარის გადახდა უწევს. 5 ლარით მოიმატა HD და "18+"-ის ღირებულებამაც. უცვლელი დარჩა "სილქ სპორტის" 10-ლარიანი სერვისი და სტანდარტული 9-ლარიანი პაკეტის ღირებულება. "სილქ ტვ"-ს 15-ლარიანი პაკეტი კი 5 ლარით არის გაძვირებული.

როგორც მაშინ კომპანია "სილქნეტის" სტრატეგიული განვითარების განყოფილების დირექტორი ილია ენუქაშვილი ამბობდა, ტარიფის მატება ინტერნეტის სიჩქარეების ზრდას და საბაზრო ფასთან გათანაბრების მცდელობას უკავშირდება.

"საბაზისო პაკეტებში ოპტიკურ და "დიესელ" ინტერნეტზე ინტერნეტის სიჩქარე იზრდება 100-200%-ით. ამასთან, იცვლება ინტერნეტისა და ტელევიზიის გადასახადი. ამ ცვლილებით, ფაქტობრივად, "სილქნეტის" ფასი საბაზრო ფასს გაუსწორდა. აქამდე საკმაოდ ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში კომპანიამ შეძლო საბაზრო დაბალი ტარიფით ემუშავა, ახლა კი გადაწყვიტა, ფასი გაათანაბროს", - განაცხადა ენუქაშვილმა და დასძინა, რომ სიჩქარის გაზრდა მომხმარებელთა აქტიურობიდან და მოთხოვნიდან გამომდინარე მოხდა.

ახლა კი ირკვევა, რომ გადასახადს "კავკასუს-ონლაინიც" ზრდის. ახალი ტარიფი უკვე შევიდა ძალაში, ხოლო არსებულ მომხმარებლებს პაკეტი მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეეცვლებათ. კერძოდ, 2-დან 5 ლარამდე გაძვირდა როგორც ინტერნეტი, ისე ტელევიზიის და ინსტალაციის საფასური, თუმცა სიჩქარე არ შეცვლილა. ინტერნეტზე მინიმალური, 10- მეგაბიტიანი პაკეტი 25 ლარის ნაცვლად, 27 ლარი გახდა, ტელევიზიის 19-ლარიანი პაკეტი - 23 ლარი, ხოლო ინსტალაცია - 5 ლარით, 35 ლარამდე გაძვირდა.

"კავკასუს ონლაინის სატელეკომუნიკაციო მომსახურების ახალი ტარიფი 23 მარტიდან შევიდა ძალაში, ხოლო არსებული მომხმარებლებისთვის პაკეტი მომავალი ერთი თვის განმავლობაში შეიცვლება ახალი სატარიფო სისტემის მიხედვით. ამის შესახებ თითოეულ მათგანს ინდივიდუალური შეტყობინება უკვე გაეგზავნა. საერთაშორისო ბაზარზე და საქართველოში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამო აუცილებელი გახდა მცირედ დაგვეკორექტირებინა ტარიფი, თუმცა შექმნილ ვითარებაში მაქსიმალურად შევეცადეთ, ფასების ცვლილება რაც შეიძლება ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო მომხმარებლებისათვის", - აცხადებენ კომპანიაში.

აღსანიშნავია, რომ "კავკასუს ონლაინმა" ინტერნეტი ერთი წლის წინაც გააძვირა. მაშინ მინიმალური პაკეტი 5 მბ/წმ 20 ლარი ღირდა, რომელიც 10 მბ/წმ-მდე გაიზარდა და შესაბამისად, 25 ლარი გახდა. როგორც ჩანს, საქართველოში ინტერნეტის ღირებულება ყოველწლიურად იზრდება. კომპანიები ამას პარალელურად სიჩქარის მატებით ხსნიან და აცხადებენ, რომ ცვლილება მომხმარებელთა მოთხოვნით არის განპირობებული.

სრულიად განსხვავებული პოზიცია აქვთ რიგით მომხმარებლებს. როგორც მათ "რეზონანსს" განუცხადეს, კომპანიები ტარიფს მათი ინტერესის გათვალისწინების გარეშე ზრდიან და თანაც აღარც ალტერნატიულ, უფრო დაბალსიჩქარიან ინტერნეტს სთავაზობენ.

"მიუხედავად იმისა, რომ ქართული ინტერნეტი ბევრად ჩამოუვარდება განვითარებულ ქვეყნებში არსებული ინტერნეტის ხარისხს, ქვეყანაში მომხმარებელთა რიცხვი წლიდან წლამდე მაინც იზრდება. ვიცით, რომ 21-ე საუკუნეში ინტერნეტი აუცილებელია, ყველას გვჭირდება და ამით მსხვილი პროვაიდერი კომპანიები კარგად სარგებლობენ. "კავკასუსში"  5 მბ-ტიანი 25-ლარიანი პაკეტი მქონდა, შემატყობინეს, რომ ტარიფი 27 ლარი ხდება და სიჩქარეც იზრდება. ერთი წლის წინათ 20 ლარს ვიხდიდი, მერე 25 ლარი გახდა, ახლა 27 ლარი იქნება. მართალია, სიჩქარეს ზრდიან, მაგრამ მე რატომ არ მეკითხებიან, მინდა თუ არა გაზრდილი სიჩქარე? ამ დროს არ მინდა, 5 მგ/ბტ სრულებით საკმარისია ჩემთვის, მაგრამ ეს პაკეტი მათ საერთოდ მოხსნეს და დღეს მინიმალური 10 მგ/ბტ-ია. არ მინდა ასეთი მაღალი სიჩქარის ინტერნეტი, მაგრამ იძულებული ვარ, გადავიდე ახალ პაკეტზე. კარგი იქნება, თუ შესაბამისი სამსახურები იზრუნებენ იმაზე, რომ მოხმარებელს ჰქონდეს უფლება, ძველი პაკეტით ისარგებლოს და კომპანიამაც წელიწადში ერთხელ მომსახურება არ გააძვიროს", - განუცხადა "რეზონანსს" თბილისელმა მარიამ ვარდიაშვილმა.

ტარიფის ზრდას აკრიტიკებს თბილისელი თეა გულიაშივლიც. მისი თქმით, არ შეიძლება კომპანიამ გადასახადი ისე გაზარდოს, რომ მომხმარებლის ინტერესი არ გაითვალისწინოს.

"რატომ არც ერთი ორგანიზაცია არ გამოდის და აკრიტიკებს ბაზარზე მონოპოლისტი კომპანიების საქციელს? რატომ არავინ ინტერესდება, თუ რატომ ზრდიან კომპანიები გადასახადს? ამბობენ, სიჩქარეებს ვზრდით და იმიტომ ძვირდება მომსახურებაო. თუ არ მინდა სიჩქარის გაზრდა, რატომ უნდა გამიძვირდეს ინტერნეტი? რატომ არ მიტოვებს კომპანია არჩევანის საშუალებას? ასეთი რამ მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში არ ხდება, არც ინტერნეტია ასეთი ძვირი სხვაგან. კარგი იქნება თუ ვინმე ამ საკითხით დაინტერესდება და კომპანიებს მიუთითებს, რომ მომხმარებლის უფლებები გაითვალისწინონ", - ამბობს თეა გულიაშვილი.

საქართველოში ინტერნეტის ხარისხი და სიჩქარე მოსახლეობის მხრიდან მუდმივად კრიტიკის საგანია. რამდენიმე თვის წინათ ამ საკითხზე "ახალგაზრდა ადვოკატებიც" ალაპარაკდნენ და კომუნიკაციების მარეგულირებელ კომპანიას რეკომენდაციით მიმართეს, რათა კომისიას ინტერნეტ მომსახურებაზე ტარიფის ზედა ზღვარი დაედგინა, თუმცა უშედეგოდ. ამიტომაც დღეს ბაზარზე მოქმედი მსხვილი კომპანიები ინტერნეტის სიჩქარეს და მომსახურების ტარიფს ისე ზრდიან, რომ რიგითი მომხმარებლის სურვილს საერთოდ არ ითვალისწინებენ.

ელზა წიკლაური

წყარო: გაზეთი "რეზონანსი"