როგორია თბილისის კომერციული უძრავი ქონების ფასები - „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვა

„კოვიდთან დაკავშირებული შეზღუდვების მოხსნამ, საერთაშორისო საზღვრების ხელახალმა გახსნამ და დაჩქარებულმა მიგრაციამ ხელი შეუწყო ქვეყანაში ეკონომიკურ ზრდას და განსაკუთრებით გააუმჯობესა ბიზნეს აქტივობა“ - წერია „თიბისი კაპიტალის“ მიმოხილვაში.

„თბილისში საცალო და სასურსათო მაღაზიებში მობილობამ გადააჭარბა პანდემიამდელ დონეს, საცალოში ზრდა 2%-ია, სასურსათოში - 35%-ით, ხოლო სამუშაო ადგილებზე მობილობა პანდემიამდელ მაჩვენებელზე დაბალი რჩება.

თბილისის ქუჩების საცალო ვაჭრობაში, იჯარის საშუალო ფაქტობრივი ფასი 2022 წლის 11 თვეში 7%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე 17.4 დოლარს მიაღწია. 2022 წლის ნოემბერში, თბილისის ქუჩების საცალო ვაჭრობაში ქირის საშუალო ფაქტობრივი ფასი შეადგენდა 18,1 დოლარს კვადრატულ მეტრზე.

თბილისის სავაჭრო ცენტრებში იჯარის ფაქტობრივმა ფასებმა პანდემიამდელ დონეს 5%-ით გადააჭარბა. თბილისის სავაჭრო ცენტრებში თავისუფალი ფართების საშუალო მაჩვენებელი 2022 წლის ნოემბერში 11.2%-ს შეადგენდა. თუმცა, ეს მნიშვნელოვნად განსხვავდებოდა სავაჭრო ცენტრების მიხედვით და ზოგიერთ მათგანში 40%-ს მიაღწია.

თბილისის ბიზნეს ცენტრებში საშუალო ფაქტობრივი იჯარის ფასი 7%-ით გაიზარდა და 19.3 დოლარი შეადგინა. იგი 3%-ით მეტი იყო პანდემიამდელ დონესთან შედარებით. დაკავებულობის გაუმჯობესება განსაკუთრებით შესამჩნევია A კლასის ბიზნეს ცენტრებში, სადაც თავისუფალი ფართების რაოდენობა 7%-მდე დაეცა. ამავდროულად, B კლასის ბიზნეს ცენტრებზე მოთხოვნა უფრო ნელი ტემპით აღდგება“, - წერია მიმოხილვაში.

ეკა დარჩიაშვილი