მულტიკლიმატიზატორი - ქართველი მოსწავლეების ინოვაციური გამოგონება

ახალციხელი ბიჭები NASA-ს კოსმოსურ ცენტრში ინოვაციების სამიტში მიიღებენ მონაწილეობას

ახალციხის მე-6 საჯარო სკოლის მოსწავლეების ირაკლი კაპანაძისა და კარლო ხუციშვილის ინოვაციური გამოგონება მულტიკლიმატიზატორი ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მიერ განხორციელებული “ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის” გამარჯვებული გახდა. გამარჯვების სანაცვლოდ, ქართველი მოსწავლეები აშშ-ში NASA-ს კოსმოსურ ცენტრში გაემგზავრებიან და კონრადის ფონდის მიერ ორგანიზებულ ყოველწლიურ ინოვაციების სამიტში მიიღებენ მონაწილეობას. გამარჯვებული გუნდის თქმით, ხშირი იყო შემთხვევები როდესაც ფერმერს მოსავალი ძლიერი წვიმისა და სეტყვის გამო უფუჭდებოდა, რის გამოც ბიჭებმა გადაწყვიტეს შეექმნათ ხელსაწყო, რომლის მეშვეობითაც ფერმერები მოსალოდნელი ზიანის თავიდან არიდებას შეძლებენ. ახალგაზრდების მიერ გამოგონილი მულტიკლიმატიზატორის მეშვეობით, ფერმერები მოსალოდნელი წვიმის შესახებ 2-3 დღით ადრე შეიტყობენ. ხელსაწყოს დახმარებით ასევე შესაძლებელია მიწის ტენიანობასა და ტემპერატურის გაზომვა, რაც ფერმერებს მცენარის ნიადაგის გაკონტროლებაში დაეხმარება.

bpnმულტიკლიმატიზატორი უპილოტო საფრენი აპარატის (დრონი) მეშვეობით, რომელშიც GPS-ია ჩამონტაჟებული, შესაძლებელი იქნება მონაცემების ნებისმიერი ადგილიდან მოპოვება. კერძოდ, უპილოტო საფრენი აპარატი გაზომავს ატმოსფერულ ტენიანობას, ტემპერატურას და მიწის მარილიანობას. ნაჩვენები მონაცემებით შესაძლებელი იქნება მიწის ნაყოფიერების განსაზღვრა, რაც ფერმერებს მიწის რაციონალურად გამოყენებაში დაეხმარება. “კონკურსში მონაწილეობა და გამარჯვება ჩვენი მიზნების მიღწევისთვის ერთ-ერთი წინგადადგმული ნაბიჯია, რომელმაც მეტი თავდაჯერებულობა შეგვძინა და დაგვარწმუნა, რომ შრომისმოყვარეობა და მონდომება ყოველთვის ფასდება. NASA-ს ცენტრში ვიზიტი ჩვენთვის საკმაოდ დიდი გამოწვევა და ახალი შესაძლებლობების გახსნის გზაა”, - განაცხადეს გამარჯვებული გუნდის წევრებმა.

ათასწლეულის გამოწვევის ფონდი-საქართველოს მიერ განხორციელებული “ათასწლეულის ინოვაციის კონკურსი“ წელს პირველად ჩატარდა. ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მაგდა მაღრაძის განცხადებით, კონკურსის მიზანი საბუნებისმეტყველო და ტექნოლოგიების დარგში სკოლის მოსწავლეების ინოვაციური იდეებისა და STEM პროექტების განხორციელების წახალისება იყო.

ლიკა ჭიღლაძე

სტატიის ინგლისური ვერსია იხილეთ ბმულზე: 16-year old Georgian Inventors will Attend a Summit at NASA