გიორგი ქადაგიძე ჯერ არ აკონკრეტებს, გაიზრდება თუ არა რეფინანსირების განაკვეთი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის სხდომა დღეს, 16:00 საათზე დაიწყება.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ განუცხადა.

როგორც ქადაგიძემ აღნიშნა, სხდომამდე ვერ გააკეთებს კომენტარს იმასთან დაკავშირებით, თუ რა გადაწყვეტილებას მიიღებს მონეტარული პოლიტიკის კომიტეტი რეფინანსირების განაკვეთთან დაკავშირებით. "მოგეხსენებათ 16:00 საათზე არის მონეტარული პოლიტიკის სხდომა, ამიტომ სხდომამდე კომენტარს ამ საკითხთან დაკავშირებით გასაგებია, რომ ვერ გავაკეთებ. თუმცა ძალიან მნიშვნელოვანი სხდომა იქნება, სადაც ყველა მაკროეკონომიკურ ინდიკატორზე გვექნება საუბარი", - განაცხადა ქადაგიძემ.

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა წინა სხდომა 11 თებერვალს გამართა, რომელზეც რეფინანსირების განაკვეთის 50 საბაზისო პუნქტით გაზრდის შესახებ გადაწყვეტილება იქნა მიღებული და რეფინანსირების განაკვეთი 4%-დან 4.5%-მდე გაიზარდა. რეფინანსირების განაკვეთის 0.5%-ით გაზრდის შემდეგ, რეფინანსირების განაკვეთზე მიბმული, ლარში გამოტანილი სესხები ნახევარი პროცენტით გაძვირდა.