ირაკლი ღარიბაშვილი - ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია

ევროპის კონტინენტზე უპრეცედენტო გამოწვევა და კრიზისია. უკრაინაში ომი, რა თქმა უნდა, ჩვენთვის ყველასთვის დიდი გამოწვევაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, უკრაინაში მიმდინარე ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე, საქართველოსა და მთლიანად გლობალურ პოლიტიკაზე.

„ამ ომმა დიდი გავლენა მოახდინა როგორც თავად ევროპის კონტინენტზე, ასევე ჩვენს რეგიონზე, ჩვენს ქვეყანაზე, ყველაზე მთლიანად, გლობალურ პოლიტიკაზე. შეიძლება ითქვას, რომ მთელი მსოფლიო დგას ისეთი დიდი გამოწვევის წინაშე, რომელიც არ დამდგარა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. ეს ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ეს არის ურთულესი გამოწვევა, ამიტომ ამ გამოწვევას სჭირდება ძალიან გონივრული მართვა და ჩვენ შესაბამისად ავაწყვეთ ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ პირველივე დღეებიდან სწორი პოლიტიკა გავატარეთ და ამ სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ. მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენი გუნდის წევრების საერთო სულისკვეთება არის, რომ ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა. სწორედ ამ მთავარი მოტივაციით, ამ იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც, პირველ რიგში, ჩვენს ხალხს და ჩვენი ხალხის ინტერესებს სჭირდება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

მთავრობის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაუდასტურა მხარდაჭერა უკრაინელ ხალხს, მათ მშვიდობა და ამ ომის სწრაფად დასრულება უსურვა.

„კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ ომით. კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და მათი დამოუკიდებლობის მიმართ და კიდევ ერთხელ უნდა აღვნიშნო, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს“, - დასძინა პრემიერმა.