გიორგი ქადაგიძე: აუცილებელია აღდგეს სავალუტო შემოდინებები

საჭირო და აუცილებელია, რომ აღდგეს სავალუტო შემოდინებები, რაც არის ერთადერთი წამალი და რეცეპტი ამ სიტუაციაში.

ამის შესახებ ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ იმ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ეკონომიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი ზაფხულში უცხოური ვალუტის საკმაოდ დიდ შემოდინებას ელოდება და შემდგომში, როგორც კვირიკაშვილმა განაცხადა, უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისთვის რამდენად გაამყარებს ის კურსს, თუ შეიძენს ჭარბ ვალუტას. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, გიორგი ქადაგიძემ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ის ფუნდამენტური ფაქტორები აღმოიფხვრას, რომლებმაც ლარის გაცვლის კურსზე გავლენა მოახდინა.

"უფრო მარტივ ენაზე რომ ვთქვათ, საჭირო და აუცილებელია, რომ აღდგეს სავალუტო შემოდინებები, რაც არის ერთადერთი წამალი და რეცეპტი ამ სიტუაციაში. კიდევ ერთხელ მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეროვნული ბანკის მხრიდან განხორციელებული ქმედებები არის მიმართული, რომ შევარბილოთ იმ პროცესების გავლენა, რაც ბოლო თვეების განმავლობაში განვითარდა. რაც შეეხება ჩვენს ქმედებებს, მოგეხსენებათ, ჩვენი მანდატი არის ფასების სტაბილურობა და ფინანსური სტაბილურობა. ორივე ეს მანდატი როგორც აქამდე, ასევე მომავალშიც იქნება შესრულებული საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად", - განაცხადა ქადაგიძემ.

მისივე თქმით, მიზნობრივი ინფლაცია ეს არის ის მთავარი ორიენტირი, რომლის ირგვლივაც პრაქტიკულად მოქმედებს ეროვნული ბანკი თავისი მონეტარული პოლიტიკის მიზნების განსაზღვრისას. ქადაგიძემ აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკის პოლიტიკა არის სწორი, თანმიმდევრული და ამაზე არაერთხელ იქნა განცხადება გაკეთებული. კითხვაზე, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ელოდებოდა იმპორტის შემცირებას, იმპორტი კი არ არის შემცირებული, გიორგი ქადაგიძემ განაცხადა, რომ იმპორტი აუცილებლად გააკეთებს კორექტირებას, ვინაიდან, ახალი წერტილი და ახალი წონასწორობის ნიშნული არის ჩვენს საგადამხდელო ბალანსში.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, გიორგი ქადაგიძე საქართველოს ბიზნეს-ასოციაციის წევრებს სასტუმრო "ქორთიარდ მარიოტში" ხვდება. ეკონომიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა გუშინ განაცხადა, რომ ლარის გამყარება შესაძლებელია. მისივე განმარტებით, ზაფხულში მთავრობა დიდი ოდენობით უცხოური ვალუტის შემოდინებას ელოდება. "რაც შეეხება იმას, შეიძლება თუ არა ლარი გამყარდეს - ეს შესაძლებელია. თან ზაფხულის პერიოდში ჩვენ ველოდებით უცხოური ვალუტის საკმაოდ დიდ შემოდინებებს. შემდგომში უკვე ეროვნული ბანკის განსასაზღვრი იქნება, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებლის მიღწევისთვის რამდენად გაამყარებს ის კურსს, თუ შეიძენს ჭარბ ვალუტას. რაც მთავარია, ჩვენ ველოდებით, რომ უცხოური ვალუტის შემოდინება გაიზრდება და ეს მოხდება უკვე აპრილის თვიდან", - აღნიშნა კვირიკაშვილმა.