რა განმარტებას აკეთებს „საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეების ანგარიშების დახურვაზე

„საქართველოს ბანკმა“ რუსეთის 200-მდე მოქალაქის საბანკო ანგარიში დახურა. ინფორმაცია ამის შესახებ რუსულ „ფორბსში“ გამოქვეყნდა.

,,ბიზნესპრესნიუსი" „საქართველოს ბანკს “დაუკავშირდა, სადაც განმარტავენ, რომ გადაწყვეტილება უჩვეულო და რისკის შემცველ ქცევას უკავშირდება და არა მოქალაქეობას. ბანკში ასევე განმარტავენ, რომ კანონი აძლევთ უფლებას, კლიენტებს დასაბუთების გარეშე უარი უთხრან მომსახურებაზე ან დაუხურონ ანგარიშები.

„გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ გადაწყვეტილება არ არის დაფუძნებული მოქალაქეობაზე, ის უკავშირდება კლიენტის უჩვეულო ან და მაღალი რისკის მატარებელ აქტივობას/ქცევას. კონკრეტულად კი, თუ ანგარიში გამოყენებულია სატრანზიტო მიზნით ან წარმოადგენს უმოქმედო ანგარიშს.

ბანკის შიდა პოლიტიკის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება ასევე ეფუძნება ისეთ პარამეტრებს როგორიცაა: მაღალი რისკის მატარებელი ქვეყნების კლასიფიკაცია, მასთან დაკავშირებული რისკები და ა.შ.

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ ბანკს აქვს უფლება, საკუთარი შეხედულებისამებრ მიიღოს გადაწყვეტილება მომხმარებლის ანგარიშის დახურვასთან დაკავშირებით, რადგან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ კანონი“ საქართველოში მოქმედ კომერციულ ბანკებს ანიჭებს სრულ უფლებამოსილებას, კლიენტებს დასაბუთების გარეშე უარი უთხრან მომსახურებაზე ან დაუხურონ ანგარიშები", - განუცხადეს „საქართველოს ბანკში" „ბიზნესპრესნიუსს".

ინფორმაციისთვის, საქართველოში ცხოვრების შესახებ ტელეგრამის ერთ-ერთი არხის შემქმნელი ნიკოლაი ლევშიცი, ბანკის დაზარალებულ კლიენტებზე დაყრდნობით წერს, რომ BOG-ის ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, კრიპტოვალუტის სატრანზიტო ოპერაციებთან იყოს დაკავშირებული.

იხილეთ ასევე: „საქართველოს ბანკი“ რუსეთის მოქალაქეების ანგარიშებს ხურავს - რუსული მედია

თამარ მუკბანიანი