გიორგი ბაჩიაშვილი: გარდაბანში 35 ჰეტარი მიწა არა ერთ ლარად, არამედ 10 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგვეცა

მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ გარდაბანში მდებარე 2,5 მილიონ ლარად შეფასებული 35 ჰეტარი მიწა არა 1 ლარად, არამედ 10 მილიონი ლარის საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგვეცა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოს თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბაჩიაშვილმა განუცხადა, რომელმაც მედიის წარმომადგენლებს გარდაბანში ინვესტიციით აშენებული ახალი სასათბურე მეურნეობა დაათვალიერებინა.

ამასთან, ბაჩიაშვილმა ახლად აშენებული სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზე გამართულ პრესკონფერენციაზე ხაზი გაუსვა, რომ მიწა გადაეცა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს და არა მის მმართველ კომპანიას, რომლის თანამფლობელებიც თავად ბაჩიაშვილი და უჩა მამაცაშვილი არიან.

"ჩვენ ვიმყოფებით გარდაბანში სასათბურე მეურნეობის ტერიტორიაზე, სადაც 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა და აშენდა 44 000 კვ.მეტრის მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობა. მისი ოფიციალურად გახსნის ცერემონია მოგვიანებით იგეგმება, თუმცა "რუსთავი 2"-ით და კერძოდ, ეკა კვესიტაძის 21 მარტის გადაცემაში გასული დეზინფორმაციის გამო, გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ მოგვეწვია მედიის წარმომადგენლები, რათა თქვენ თავად ნახოთ და შეაფასოთ აქ ჩატარებული სამუშაოების მასშტაბები. ტყუილია, რომ მე და უჩა მამაცაშვილს სახელმწიფომ 1 ლარად გადმოგვცა 35 ჰექტარი მიწა გარდაბანში. მეორე ტყუილია ის, თითქოს 1 ლარად გადმოცემულ ქონებას არ ჰქონდა არანაირი საინვესტიციო ვალდებულება, მესამე ტყუილია ინფორმაცია, რომ თანაინვესტირების ფონდი სახელმწიფო პროგრამაა, მეოთხე ტყუილი კი დეპუტატ ვაშაძეს ეკუთვნის, რომლის განცხადებითაც, ბიძინა ივანიშვილი საკუთარ თანხებს არ აინვესტირებს საქართველოში, 2,5 მილიონიანი აღნიშნული ქონება მიისაკუთრა და ხელში ჩაიგდო. რაც შეეხება რეალობას, მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ 2,5 მილიონ ლარად შეფასებული მიწა არა ერთ ლარად, არამედ 10 მილიონიანი საინვესტიციო ვალდებულებით გადმოგვეცა და გადმოგვეცა საქართველოს თანაინვესტირების ფონდს და არა - მის მმართველ კომპანიას, რომლის თანამფლობელები გახლავართ მე და უჩა მამაცაშვილი", - განაცხადა გიორგი ბაჩიაშვილმა.

მისივე მტკიცებით, ფონდმა ვადაზე ადრე მოახდინა 10 მილიონ ლარზე მეტის ინვესტირება და, შესაბამისად გადაჭარბებით შეასრულა ნაკისრი ვალდებულება. "აღნიშნული მიწა ფონდს გადმოეცა 2014 წლის 26 აგვისტოს. უკვე 19 სექტემბერს მოხდა პროექტის პრეზენტაცია. სულ რაღაც 6 თვეში უკვე გაშენებულია 44 000 კვ.მეტრი. მშენებლობის მეორე ეტაპი დაიწყება აპრილში, რომელსაც დაემატება კიდევ 85 000 კვ.მეტრი. უკვე ჩადებულ 10 მილიონი ლარის ინვესტიციას სექტემბრამდე დაემატება კიდევ 20 მილიონი ლარი. ამ ეტაპზე დასაქმებულია 108 ადამიანი, მათი რიცხვი 200-მდე გაიზრდება. დასაქმებული ადგილობრივი მოსახლეობის გარდა, მოწვეული გვყავს ექსპერტები – გეოინჟინრები, აგროტექნოლოგები და აგრონომები მთელი საქართველოდან, ასევე საფრანგეთიდან და უკრაინიდან. შემოტანილია დანადგარები, ბოსტნეულის კულტურები საფრანგეთიდან და ჰოლანდიიდან. ამგვარად, ჩვენი "დანაშაული" შემდგომში მდგომარეობს – ამ ადგილას 6 თვის წინ იყო 35 ჰექტარი ხრიოკი მიწა, დღეს კი თავად ხედავთ იმას, რაც აშენებულია. სექტემბერისთვის ეს მასშტაბი გასამმაგებული იქნება. ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის ბიუჯეტში შევა მილიონობით ლარი. გარწმუნებთ, რომ აქ, ქართულ მიწაზე წარმოებულ პროდუქციას ვერანაირი იმპორტი ვერ გაუწევს კონკურენციას", - აღნიშნა თანაინვესტირების ფონდის გენერალურმა დირექტორმა.