ირაკლი ხმალაძემ თბილისის 2023 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა

თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ დედაქალაქის საკრებულოში 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის ძირითადი პარამეტრები წარადგინა.

როგორც ხმალაძემ განაცხადა, თბილისში 2023 წელს განსახორციელებელი პროგრამების ოდენობა ჯამურად, დაახლოებით, 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს შეადგენს.

„დედაქალაქის 2023 წლის ბიუჯეტი ჯამურად შეადგენს 1 მილიარდ 632 მილიონ ლარს, რაც უპრეცედენტოდ გაზრდილია. შეგახსენებთ, რომ 2022 წელთან შედარებით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტი გაზრდილია 326 მლნ ლარის ოდენობით. გარდა ამისა, თბილისის მუნიციპალიტეტი 2023 წელს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებიდან და დონორი ორგანიზაციებიდან მოზიდული სახსრების და პროექტების ფარგლებში განახორციელებს 166 მილიონი ლარის ღონისძიებებს. ჯამურად, თბილისში 2023 წელს განსახორციელებელი პროგრამების ოდენობა შეადგენს დაახლოებით, 1 მილიარდ 800 მილიონ ლარს“, - განაცხადა ირაკლი ხმალაძემ.

მისივე თქმით, შემოსავლები, კერძოდ, 1 მილიარდ 632 მლნ ლარი შედგება მუნიციპალიტეტის საკუთარი შემოსავლებისგან, რომელიც არის 1 მილიარდ 157 მლნ ლარი და ცენტრალური ხელისუფლებისგან მიღებული ტრანსფერებისგან, რომელიც 474 მლნ ლარს შეადგენს.

დედაქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის პროექტის მიხედვით, მუნიციპალიტეტის შემოსავლები შედგება გადასახადებისგან, რომელიც 875 მლნ ლარია, მათ შორის, ქონების გადასახადი დაგეგმილია 250 მლნ ლარზე, დამატებითი ღირებულების გადასახადი 622 მლნ ლარია, სხვა შემოსავლები 229 მლნ ლარი, მათ შორის, სათამაშო ბიზნესის მოსაკრებელი 60 მლნ ლარი, დასუფთავების მოსაკრებელი 65 მლნ ლარი, ჯარიმები 67 მლნ ლარი და მშენებლობის მოსაკრებელი - 17 მლნ ლარი. არაფინანსური აქტივების კლება, ანუ პრივატიზაცია განსაზღვრულია 55 მლნ ლარის ოდენობით.

რაც შეეხება ხარჯვით ნაწილს, ხმალაძის თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით დაგეგმილია 515 მლნ ლარის ღონისძიებების, ხოლო ჯანდაცვის და სოციალური მიმართულებით - 500 მლნ ლარის პროექტების განხორციელება; გარემოს დაცვის მიმართულებით გათვალისწინებულია 198 მლნ ლარი, ტრანსპორტის სუბსიდია - 286 მლნ ლარი, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების დაფინანსება - 39 მლნ ლარი, ხოლო მუნიციპალური ბაღები -171 მლნ ლარი; ავარიული შენობების გამაგრება და ჩანაცვლების პროგრამების ღირებულება ჯამურად 32 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო გარდამავალი პროექტებისთვის გათვალისწინებულია 115 მლნ ლარი.

გარდა ამისა, ვიცე-მერმა იმ ძირითად პროექტებზე ისაუბრა, რომელთა განხორციელება 2023 წლიდან იგეგმება.

მისი თქმით, პირველ რიგში, მნიშვნელოვანია 18-მეტრიანი ავტობუსების შესყიდვა და ახალი ავტობაზის მშენებლობა.

ხმალაძის განცხადებით, აღნიშნული პროექტის მთლიანი ღირებულება 300 მლნ ლარზე მეტია, პროექტი მრავალწლიანია და მისი განხორციელება მომდევნო წელს დაიწყება 60 მლნ ლარის ფარგლებში, რომელთაგან 40 მლნ ავტობუსების შესაძენად იქნება მიმართული, ხოლო 20 მლნ - ავტობაზის მშენებლობისთვის.

ასევე იგეგმება წერეთლის გამზირის რეაბილიტაცია, რომელიც მოიცავს ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის, ტროტუარების, სანიაღვრე და კომუნიკაციის ქსელის, გარეგანათების სისტემის მოწყობას. პროექტის ჯამური ღირებულება 45 მლნ ლარია, რომელთაგან მომდევნო წელს გათვალისწინებულია 25 მლნ ლარის დახარჯვა.

გარდა ამისა, დაგეგმილია შემდეგი პროექტების განხორციელება: დიდუბის ხიდის რეაბილიტაცია - 4 მლნ ლარი; უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - 7 მლნ ლარი; მშვიდობის ხიდის რეაბილიტაცია - 2 მლნ ლარი; სულხან-საბასა და ინგოროყვას ქუჩების კეთილმოწყობისა და რეაბილიტაციის სამუშაოები.

განხორციელდება წინამძღვრიშვილის ქუჩის N1-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო-სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის ფარგლებში განხორციელდება 5 მლნ ლარის ღირებულების შესყიდვა.

ვაზისუბანში განხორციელდება პარკის რეაბილიტაცია, რომლის ღირებულება მთლიანობაში 7 მლნ ლარს შეადგენს, თუმცა 2023 წლის ხარჯი იქნება 3.5 მლნ.

დიღომში, 31 000 კვ.მ ტერიტორიაზე, მაიაკოვსკის ძეგლთან არსებული პარკებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება. პროექტის ჯამური ღირებულება 4 მლნ 900 000 ლარს შეადგენს.

ციციშვილის პარკის რეაბილიტაციისთვის 3 მლნ 500 000 ლარის შესყიდვა განხორციელდება.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება მუხიანის პარკს. პროექტის ჯამური ოდენობა შეადგენს 5 მლნ 500 000 ლარს, თუმცა, ესეც გახლავთ 2023-24 წლების გარდამავალი პროექტი. კონკრეტულად 2023 წლის ხარჯი 2 მლნ 250 000 ლარი იქნება. პარკის ფართობი 28 000 კვ.მეტრია.

რეაბილიტაცია ჩაუტარდება პირველი რესპუბლიკის პარკს და სამუშაოების ღირებულება 3 მლნ 500 000 ლარი იქნება.

ისნისა და სამგორის რაიონებში მოხდება რამდენიმე პარკის რეაბილიტაცია, რისთვისაც 4 მლნ ლარია გათვალისწინებული. სამგორში, ე.წ. სამხედრო ქალაქის მიმდებარედ, 130 000 კვ.მ-ზე სრულიად ახალი პარკი მოეწყობა.

ნარჩენების მიმართულებით, 2023 წელს დაგეგმილია პოლიგონის მეოთხე უჯრედის მოწყობა, რისთვისაც გამოყოფილია 3 მლნ ლარი.

გათვალისწინებულია, ასევე, საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია, კერძოდ, ზოოპარკთან დამაკავშირებელი, გმირთა მოედანთან მდებარე და იუსტიციის სახლთან მდებარე საფეხმავლო ხიდების რეაბილიტაცია.

კახეთის გზატკეცილზე განხორციელდება მიწისქვეშა გადასასვლელი ხიდების რეაბილიტაცია.

ასევე, „თბილსერვის ჯგუფისთვის“ დაგეგმილია ახალი სპეცტექნიკის შეძენა რომლისთვისაც 9 მლნ ლარი დაიხარჯება.

ხელოვნების სკოლებისა და ბიბლიოთეკებისთვის გამოყოფილია 2 მლნ ლარი.

დიღმის მასივის მესამე კვარტალში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის სამშენებლო სამუშოებისთვის - 2 მლნ ლარი, სკეიტპარკების და სტადიონებისთვის კი 3 მლნ ლარია გამოყოფილი.

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს გაძლიერებისა და აღჭურვისთვის გათვალისწინებულია 5 მლნ ლარი.

უსახლკაროების პროგრამა 2023 წელსაც გაგრძელდება, რისთვისაც 5 მლნ ლარი დაიხარჯება, თუმცა, წლის განმავლობაში აღნიშნული თანხის კორექტირება მოხდება და თანხა დაემატება.

ასევე, გაგრძელდება პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების პროგრამაც, რაშიც 10 მლნ ლარი დაიხარჯება.

სასესხო კომპონენტების ფარგლებში, 2023 წელს შემდეგი პროექტები განხორციელდება: თბილისის მყარი ნარჩენების მართვა - 30 მლნ ლარი; საცხოვრებლად ვარგისი ქალაქების საინვესტიციო პროგრამა - 37 მლნ 500 000 ლარი; თბილისის მეტრო - 30 მლნ ლარი; მდგრადი ურბანული მობილობა - 25 მლნ ლარი; თბილისის ავტობუსების პროექტის მეორე ფაზა - 30 მლნ ლარი.

როგორც ვიცე-მერმა აღნიშნა, მომავალი წლის იანვარში ასევე წარმოდგენილი იქნება 2023 წლის ბიუჯეტის ცვლილების ახალი პროექტი, რომელშიც გათვალისწინებული იქნება გარდამავალი ნაშთი და დამატებითი ღონისძიებები ჩატარდება.