პუტინი კრძალავს ნავთობის ექსპორტს ქვეყნებში, რომლებმაც ფასის ლიმიტი დააწესეს

ვლადიმერ პუტინმა ოთხშაბათს დასავლეთის მიერ ფასის ლიმიტის დაწესების საპასუხოდ, ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის მიხედვითაც რუსეთიდან ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი აიკრძალება იმ ქვეყნებში, რომლებიც სანქციას უერთდებიან.

განკარგულება კრემლის ვებსაიტზე გამოქვეყნდა, როგორც პასუხი "აშშ-ს, უცხოური ქვეყნებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების არამეგობრული და საერთაშორისო კანონმდებლობის საწინააღმდეგო ქმედებებისა".

გადაწყვეტილება 2023 წლის პირველი თებერვლიდან პირველ ივლისამდე იქნება ძალაში, თუმცა პუტინმა ის შესაძლოა "განსაკუთრებული შემთხვევების დროს შეცვალოს.

მსოფლიოს 7 დიდი სახელმწიფო, ევროკავშირი და ავსტრალია მიმდინარე თვეში შეთანხმდნენ რუსული ნავთობის იმპორტზე 60-დოლარიანი ფასის ჭერის დაწესებაზე.

აღსანიშნავია, რომ რუსეთი ნავთობის მეორე უმსხვილესი ექსპორტიორია საუდის არაბეთის შემდეგ და მიწოდების ნებისმიერი სახის შეფერხებას გავლენა ექნება მსოფლიო ენერგობაზარზე ვაჭრობაზე.

კახი ჩაკვეტაძე