ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტი 12 მილიონამდე ლარით გაიზარდა

ქუთაისის საკრებულოს რიგით მე-14 სხდომაზე ქუთაისის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცეს.

ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საკრებულოს სხდომას ქუთაისის მერი იოსებ ხახალეიშვილი, მერის მოადგილეები და სამსახურის უფროსები ესწრებოდნენ.

მათივე ცნობით, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტმა შეადგინა 101 484,7 ათასი ლარი, რაც 2022 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტს 11 607,9 ათასი ლარით აღემატება.

“ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაზე დაიხარჯება 24 500,6 ათასი ლარი, რაც წინა წლის დამტკიცებულ ხარჯებზე 470,0 ათასი ლარით მეტია.

დასუფთავება და გარემოს დაცვა - 9 076,6 ათასი ლარი, გაიზარდა 345,5 ათასი ლარით; განათლების სფეროს განვითარება - 17 483.7 ათასი ლარი, გაიზარდა 3 026, 7 ათასი ლარით; სპორტის სფეროს განვითარება - 10 228,1 ათასი ლარი, გაიზარდა 1 806.1 ათასი ლარით; კულტურისა და ახალგაზრდული სფეროს განვითარება - 10 415.3 ათასი ლარი, გაიზარდა 1 071.7 ათასი ლარით; ჯანდაცვის სფეროს დაფინანსება - 2 241.0 ათასი ლარი, გაიზარდა 616,0 ათასი ლარით; სოციალური პროგრამების დაფინანსება - 5 694.2 ათასი ლარი, გაიზარდა 790.7 ათასი ლარით; მნიშვნელოვნად გაიზარდა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისათვის გამოყოფილი თანხები და შეადგინა 1 470,0 ათასი ლარი (ზრდა 361,0 ათასი ლარი), ასევე 261-დან 318-მდე გაიზარდა ბენეფიციართა რაოდენობა“, - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტი დამტკიცებულია. ქუთაისის 2023 წლის ბიუჯეტი 12 მილიონი ლარით აღემატება მიმდინარე წლის ბიუჯეტს. მნიშვნელოვნად გავზარდეთ დაფინანსება ყველა პრიორიტეტული მიმართულებით. იზრდება ინფრასტრუქტურული პროექტების, ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამების, განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდობის სფეროების დაფინანსება. აღნიშნული ბიუჯეტი მზარდია და წლის ბოლომდე კიდევ ველოდებით რამდენიმე მნიშვნელოვან ცვლილებას, ისევე როგორც ეს იყო 2022 წლის ბიუჯეტთან მიმართებაში. 2023 წლის ბიუჯეტი მოგვცემს საშუალებას, კიდევ უფრო მეტი კარგი საქმე გავაკეთოთ ქუთაისისა და ქუთაისელებისთვის”, - განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.