კადრების დეფიციტის გამო ახალი ფილიალების  გახსნას და ახალი ბიზნესის დაწყებას ვერ ვახერხებთ - რესტორატორთა ასოციაცია

პანდემიის შემდეგ სარესტორნო ბიზნესი სრულად აღდგა, თუმცა სექტორისთვის გამოწვევა ახლა კადრების დეფიციტია.

რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე ,,ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რომ პრობლემა კერძო სექტორის და სახელმწიფოს ერთობლივი კოორდინაციით უნდა გადაიჭრას.

,,ჩვენი ძირითადი გამოწვევა ეხება კადრებს. სფერომ დაკარგა დაახლოებით 40%-მდე, როგორც რესტორნები და კაფე-ბარები, ასევე მუშახელი. ამის ერთდროულად აღდგენა რთული, მეტიც, წარმოუდგენელია. ეს რჩება გამოწვევად 2023 წელსაც.

ახლა გვაქვს სიტუაცია, როცა სფერო რეალურად განვითარების ეტაპზე გადავიდა, მაგრამ პრობლემა კადრებია. ჩვენ, ვერ ვახერხებთ ახალი ფილიალების გახსნას და ახალი ბიზნესის დაწყებას კადრების დეფიციტის გამო. ამ გამოწვევას სჭირდება პასუხი. ამაზე უნდა იზრუნოს სფერომ და გარკვეულწილად საჭიროა სახელმწიფო ჩარევაც. არა მარტო ამ სფეროსთვის, ქვეყნის განვითარებისთვის, აუცილებელია პროფესიული სასწავლებლების შექმნა, არა იმ არაფრისმომცემი ფორმით როგორც დღესაა, არამედ ისე, რომ ფონი რეალურად შეიცვალოს.

დაახლოებით 55 ათასამდე უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ჰყავს ქვეყანას ყოველი წლის ბოლოს და მხოლოდ 5 ათასი პროფ სასწავლებლის. ეს უნდა შეიცვალოს და 50/50-ზე უნდა დაჯდეს ბალანსი. იმ პროფესიებით უნდა მოხდეს სტუდენტების დაინტერესება, რომელიც იქ ისწავლება. ამას ბუნებრივია, რომ მხოლოდ კერძო სექტორი ვერ შეძლებს. ეს არ არის მხოლოდ ჩვენი სფეროს განვითარებისთვის. ფაქტია, რომ 55 ათასი კურსდამთავრებულიდან ჩვენ გვყავს 40-45 ათასი უმუშევარი, როცა უამრავი ვაკანსია და მოთხოვნაა“, - ამბობს ბურჯანაძე.

თამარ მუკბანიანი