სენაკის ელექტროქსელის ინფრასტრუქტურა გაუმჯობესდა

სენაკის რაიონში 8270 აბონენტის ენერგომომარაგება გაუმჯობესდა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, კომპანიამ სარეაბილიტაციო სამუშაოები განახორციელა მაღალი ძაბვის ქვესადგური "მენჯი-220"-დან გამომავალ 10 კვ-ის გადამცემ ხაზებზე. სამუშაოები 2 კვირის მანძილზე მიმდინარეობდა და შედეგად სენაკის რაიონის სოფლების თეკლათის, ეკის, ხორშის, მენჯის ნაწილისა და აგრეთვე ქალაქ სენაკის 30 ქუჩის (რუსთაველი, მშვიდობის, ჭავჭავაძის, კოსტავას, ურიდიას, ქურდოვანიძის, არქანიას, ქუთაისის, ვაჟა-ფშაველას და მიმდებარე ქუჩები) ენერგომომარაგება უფრო საიმედო და სტაბილური გახდა.

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში განხორციელდა ქვესადგურის ძველი მაღალი ძაბვის კაბელების დემონტაჟი; ძველი კაბელები შეიცვალა ახალი კაბელებით. სამუშაოები ეტაპობრივად მიმდინარეობდა 10 ფიდერზე.

"ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოები აუმჯობესებს ელექტროქსელის ინფრასტრუქტურას, რაც ხელს უწყობს კომპანიის აბონენტების უფრო საიმედო ენერგომომარაგებას", - აცხადებენ "ენერგო-პრო ჯორჯიაში".

"ენერგო-პრო ჯორჯიას" ინფორმაციით, კომპანია განაგრძობს სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოებას კომპანიის სხვა ფილიალებშიც.