სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, ეროვნული სატყეო სააგენტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა, ხე-ტყის უკანონოდ მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს.

უწყების ინფორმაციით, მოქალაქე, დაბა წაღვერში, სახელმწიფო ტყიდან უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის 9 მ3 -მდე პირველი ხარისხის სამასალე მერქნის ტრანსპორტირებას, „ზილ 131” მარკის სატვირთო ავტომობილით ახორციელებდა.

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა ავტოსატრანსპორტო საშუალება დალუქეს და დაბა წაღვერის „საქმიან ეზოში” გადაიყვანეს.

„ვინაიდან კანონდარღვევის ფაქტი სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავს, საქმის მასალები შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის საგამოძიებო ორგანოში გადაიგზავნება.

უკანონოდ ჩამორთმეული სამასალე მერქნის დასაწყობება წაღვერის „საქმიან ეზოში” მოხდა, საიდანაც შემდგომ მისი რეალიზაცია განხორციელდება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.