Bloomberg: რუსული გაზის ექსპორტი საუკუნის მინიმუმამდე დაეცა

რუსული ბუნებრივი აირის ექსპორტი ბოლო 20 წლის მინიმალურ დონემდეა შემცირებული. ამის შესახებ სააგენტო Bloomberg-ი წერს.

სააგენტოს მასალაში მოჰყავს რუსული „გაზპრომის“ ხელმძღვანელის ალექსეი მილერის ოთხშაბათს გაკეთებული შეფასება, რომლის თანახმად 2022 წელს „გაზპრომი“ ექსპორტზე 100,9 მლრდ.კუბ.მ. გაზს გაიტანს.

სააგენტოს შეფასებით, ამ მონაცემებიდან ჩანს, რომ რუსული გაზის ექსპორტი საკვანძო ბაზრებზე 2022 წელს შემცირებულია 46%-ით 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით, რაც საუკუნის დასაწყისის მინიმალური მაჩვენებლის ტოლია. ასევე მილერის მიერ ნათქვამი მოპოვებული გაზის მოცულობა, რომელიც 2022 წელს 412,6 მლრდ.კუბ.მ-ს შეადგენს, Bloomberg-ის შეფასებით 2008 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო წლიურ დაანგარიშებაში 20%-იანი კლებაა.

კოკა კვირკველია