2022 წელს KTW ჯგუფის ვენახების საერთო ფართობმა 1500 ჰექტარს გადააჭარბა

კომპანია „კახური ტრადიციული მეღვინეობა“ 2022 წელს ვენახების გაშენების ხუთწლიანი გეგმის შეჯამებით ასრულებს. სტრატეგიის ფარგლებში, რომელიც KTW ჯგუფმა დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა, ახალი ვენახები 1180 ჰექტარ მიწის ფართობზე გააშენა. საერთო ჯამში, კომპანიის ვენახების ფართობმა 1500 ჰექტარს გადააჭარბა.

კახეთი, ქართლი, იმერეთი, რაჭა და გურია - KTW ჯგუფმა ახალი ვენახები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში გააფართოვა. კერძოდ, კახეთში: ახმეტის მიკროზონაში - ხიხვი და ქისი, წინანდლის მიკროზონაში - კახური მწვანე, მანავის მიკროზონაში - მანავის მწვანე, ხაშმის მიკროზონაში - ბუდეშურისებური, გრძელმარცვალა საფერავი, რომელიც მცირედ გავრცელებული ჯიშია, ახაშენის მიკროზონაში - საფერავი, ქინძმარაულის მიკროზონაში - ქინძმარაული, ხოლო ზიარის მიკროზონაში - საფერავი გააშენა.

242355212-4588705757875420-2356383427131122468-n-1672298546.jpg

ქართლში - სოფელ მარანასა და ფლავისმანში, - შავკაპიტო, გორული მწვანე, ბუზა, დანახარული და ის სხვა ენდემური ყურძნის ჯიშები აღადგინა-გააშენა, რომლისგანაც მშრალ ღვინოებს აწარმოებს.

გორული მწვანე, შავკაპიტო, ქისი, კაბერნე სოვინიონი, მერლო, შარდონე და სხვა საკოლექციო ყურძნის ჯიშებით ვენახი გააფართოვა საგურამოში.

242536498-4588705584542104-1699662592735039076-n-1672298563.jpg

რაც შეეხება დუშეთის რაიონ, სოფელ მჭადიჯვარს - ამ გამორჩეული ნიადაგის მქონე 100 ჰექტარ ფართობის მიწაზე KTW ჯგუფმა შავკაპიტოს, ხიხვის და გორული მწვანის ვაზის ჯიშები დარგო. იმერეთში - ციცქას, ცოლიკოურის, კრახუნას, ოცხანური საფერეს და ჩხავერის, რაჭაში - ალექსანდროულ-მუჯულეთურის ვენახი გააფართოვა. გურიაში კი, ჩხავერის ყურძნის ჯიშის გაშენება დაიწყო.

როგორც KTW ჯგუფის პრეზიდენტი, ზურაბ ჩხაიძე გვიყვება, მისთვის მევენახეობა-მეღვინეობის თვალსაზრისით, განსაკუთრებულად ის რეგიონებია მიმზიდველი, რომელსაც დიდ ისტორიასთან ერთად, საინტერესო პერსპექტივა აქვს. ერთ-ერთი მათგანია - ქართლი.

„მაღალმჟავიანობა, სიმსუბუქე, მრავალფეროვანი არომატები - ის ძირითადი თვისებებია, რომელიც ქართლის ყურძნის ჯიშებს სხვა რეგიონის ჯიშებისგან გამოარჩევს. კახეთი - ეს ქართული მევენახეობა-მეღვინეობის აკვანი, დედა-ენაა. ქართლი, კი, ვფიქრობ, ის ჯერ კიდევ ბოლომდე ამოუცნობი მხარეა, სადაც ჯიშობრიობის თვალსაზრისით, საინტერესო აღმოჩენები შეიძლება გავაკეთოთ.

dji-0301-1672298583.jpg

ის, რომ საქართველო მსოფლიოში მევენახეობა-მეღვინოების უძველეს კერად და მაღალხარისხოვანი ღვინოების ზონად არის მიჩნეული - არახალია. მთავარი, ამ ხარისხის შენარჩუნებაა და ქვეყანაში, სადაც მთისა და ბარის მეღვინეობა გვაქვს, არსებულის ავთენტურად შენარჩუნებასთან ერთად, მნიშვნელოვანია, რომ თითოეული რეგიონის პოტენციალის მაქსიმალურ წარმოჩენაზე, ახალი გემოების, არომატების ძიებასა და დაკარგულის აღდგენაზე ვიზრუნოთ,“ - ზურაბ ჩხაიძე, KTW ჯგუფის პრეზიდენტი.

2023 წელს კი, KTW ჯგუფი ახალი გეგმებით იწყებს და წარმოების მასშტაბის კიდევ უფრო გაფართოებას აანონსებს.

(R)