რამდენით გაიზრდება საქართველოს ეკონომიკა - პროგნოზები 2022-2023 წლებისთვის

მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკაზე სხვადასხვა ფაქტორმა იმოქმედა, თუმცა მათგან უმნიშვნელოვანესად, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ღერძად რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული მიგრანტების შემოდინება, ფულადი გზავნილების რეკორდულ დონემდე ზრდა, ტურიზმის აღდგენა და ვაჭრობის ზრდა სახელდება.

საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს ეროვნული ბანკისა და მთავრობის ეკონომიკური ზრდის თუ ინფლაციის პროგნოზები მიმდინარე და მომავალ წელთან დაკავშირებით მცირედით განსხვავდება, მაგრამ ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებად ყველა მათგანი თითქმის ერთსა და იმავეს ასახელებს.

უნდა ითქვას, რომ ჩამოთვლილი ფაქტორების გამო მოლოდინები წელს რამდენჯერმე შეიცვალა და ამ სტატიაში მშპ-ს ზრდის და ინფლაციის სწორედ უახლეს, გადახედილ პროგნოზებს გაგაცნობთ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) თანახმად, წელს საქართველოს ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება. IMF განახლებულ მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ ქვეყნის ეკონომიკა მიმდინარე წელს მდგრადი იყო და უკრაინაში ომით გამოწვეულმა შედეგებმა მოსალოდნელზე ნაკლები ეფექტი იქონია. ეკონომიკური ზრდა და ლარის გამყარება კი ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომთან დაკავშირებულმა მიგრაციამ და ფინანსურმა შემოდინებებმა, საქართველოს გავლით სავაჭრო ტრანზიტის ზრდამ განაპირობა.

წლის დასაწყისში IMF ვარაუდობდა, რომ 2022 წელს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდებოდა, შემდეგ საპროგნოზო მაჩვენებელი 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა ბოლოდროინდელი ვითარების გამო კვლავ გაზარდა. მიუხედავად წლევანდელი პროგნოზის ზრდისა, სავალუტო ფონდმა 2023 წლის პროგნოზი შეამცირა 5.8%-დან 4%-მდე.

რაც შეეხება ინფლაციას, IMF წელს სამომხმარებლო ფასების 11.6%-ით ზრდას ვარაუდობს, ხოლო 2023 წლიდან, მკაცრი მონეტარული პოლიტიკის კვალდაკვალ, ეკონომიკურ ზრდასთან ერთად ინფლაციის მაჩვენებელიც შემცირდება.

მსოფლიო ბანკი (WB) 2022 წელს საქართველოში მთლიანი შიდა პროდუქტის 8.8%-იან მატებას ვარაუდობს, რაც ყველაზე მაღალია ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში. საშუალოვადიან პერიოდში ზრდის 5%-მდე დასტაბილურებაა მოსალოდნელი. მომდევნო წელს WB-ც ეკონომიკის 4.2%-მდე შენელებას მოელის საქართველოში, რაც გამოწვეული იქნება 2022 წელს მძლავრი აღდგენის სტიმულის შესუსტებით, ევროკავშირში ეკონომიკური ზრდის შემცირებითა და რუსეთში წარმოებული პროდუქციის მოცულობის მოსალოდნელზე მკვეთრი ვარდნით.

ორნიშნა იქნება ინფლაცია 2022 წელს WB-ს პროგნოზითაც, 2023 წლის ბოლოსთვის კი ფასებზე წნეხი უნდა შემსუბუქდეს ნავთობის ღირებულებისა და მიწოდების შეფერხებების კლების ფონზე. ბანკის თანახმად, მუდმივმა ინფლაციამ, გლობალურად ფინანსური მდგომარეობის გაუარესებასთან ერთად, შესაძლოა, გავლენა იქონიოს ლარის კურსზე, დოლარიზაციის მაღალმა დონემ კი მაკრო-ფინანსურ სტაბილურობაზე. ფულადი გზავნილებისა და სატრანზიტო დერეფნის გასწვრივ ვაჭრობის ზრდით კი ქვეყანამ დამატებითი სარგებელი უნდა მიიღოს.

მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მდგრადობასა და ტურიზმის აღდგენის პოზიტიურ ტემპს უსვამს ხაზს ევროპის რეკონსტრუქციის ბანკიც (EBRD) რომლის თანახმად, რუსეთიდან ბიზნესების, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორის პროფესიონალების შემოდინებამ ფულადი ტრანსფერების ზრდა განაპირობა.

EBRD-ის პროგნოზით, 2022-ში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 8% იქნება, 2023 წელს კი გაურკვევლობის მაღალი დონისა და გარე შოკების მაღალი ალბათობის გამო, ზრდა 5%-მდე შემცირდება. აღსანიშნავია, რომ ბანკის შეფასებით, საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის ეკონომიკა ბოლო წლების განმავლობაში ზრდის ყველაზე მაღალი ტემპით გამოირჩევა.

აზიის განვითარების ბანკის (ADB) თანახმად, 2022-ში საქართველოს ეკონომიკის 7%-იანი ზრდაა მოსალოდნელი, რასაც ექსპორტიდან და ტურიზმიდან მიღებული გაზრდილი შემოსავალი, ფულადი გზავნილების ნაკადების მატება და ძლიერი მოხმარება განაპირობებს. რაც შეეხება 2023 წელს, ADB რეალური მშპ-ს 6%-ით ზრდას პროგნოზირებს. ორნიშნა, 11%-იანია აზიის განვითარების ბანკის ინფლაციის პროგნოზიც 2022 წლისთვის, მომდევნო წლისთვის კი მაჩვენებლის 5%-მდე კლებაა მოსალოდნელი.

10%-იან ეკონომიკურ ზრდას ვარაუდობს წელს საქართველოს ეროვნული ბანკი, რაც განპირობებულია ეკონომიკური აქტივობის ძლიერი დონით, ასევე რუსეთ-უკრაინის ომისა და თანმდევი სანქციების შედეგად, საქართველოში მიგრაციული ნაკადების მნიშვნელოვნად ზრდით, რამაც ერთობლივი მოთხოვნა დაასტიმულირა. ანალოგიური, 10%-იანია მთავრობის პროგნოზიც ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით.

კვლევითი ორგანიზაცია TBC Capital-ის პროგნოზი შედარებით პესიმისტურია და მომდევნო წელს ქვეყანაში 3.5%-იანი ეკონომიკურ ზრდას ელის, ინფლაციის დონე კი მომდევნო წელს მკვეთრად შემცირდება და საშუალოდ 4% იქნება.

კახი ჩაკვეტაძე