ინფლაცია 2023 წელსაც მაღალ ნიშნულზე იქნება - ლადო პაპავა ფასების ზრდის რამდენიმე მიზეზს ასახელებს

პანდემიის შემდეგ ვერაღდგენილი მიწოდების გლობალური ჯაჭვები, ჩინეთში კოვიდის ახალი ტალღა და ლოკალური, სასურსათო და ნავთობის ომი - ამ მიზეზების გამო აკადემიკოსი ლადო პაპავა მიიჩნევს, რომ ინფლაცია 2023 წელსაც მაღალ ნიშნულზე იქნება.

რადიო ,,პალიტრასა" და ,,პალიტრანისუსის" გადაცემაში ,,საქმე", პაპავამ ასევე აღნიშნა, რომ ევროპაში მიმდინარე ცხელი ომის პარალელურად მიმდინარეობს გლობალური ცივი ომიც.

,,პანდემიის შემდეგ, მთელს მსოფლიოში იყო მოლოდინი, რომ ეკონომიკა აღდგებოდა, მიწოდების გლობალური ჯაჭვები გაიხსნებოდა და შეიქმნებოდა ახალი ალტერნატიული ჯაჭვები. თუმცა, ამ დროს რუსეთმა დაიწყო ფართომასშტაბიანი ომი 24 თებერვალს და ამან ბევრი რამ შეცვალა. გაჩნდა უარყოფითი მოლოდინები. ომის დაწყებიდან საკმაოდ მალე დასავლეთმა რუსეთს სანქციები დაუწესა, რომელიც ეტაპობრივად მკაცრდებოდა. ამან საქართველოში შექმნა განცდა, რომ ერთ-ერთ მთავარ იმპორტიორ ქვეყანაში ეს ვითარება პროდუქციის გაქრობას და ფასების ზრდას გამოიწვევდა, ამასთან გაიზრდებოდა ფასები.

ამიტომ, ხალხმა წინასწარ დაიწყო საკვების შეძენა, რამაც მოსალოდნელზე მეტად გაზარდა ფასი. იმავდროულად, დაიკეტა სატრანსპორტო დერეფანი, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს აკავშირებს, ომისა და სანქციების გამო. ამან შექმნა ძალიან გაუგებარი სიტუაცია. ერთის მხრივ, აშკარაა, რომ ევროპაში მიმდინარეობს ცხელი ომი და მეორეს მხრივ, დასავლეთმა დაიწყო ახალი ცივი ომი რუსეთთან მიმართებაში. გლობალური ცივი ომი, ევროპაში მიმდინარე ცხელი ომის წინააღმდეგ. ასეთი პრეცედენტიც ჯერ არ ყოფილა და შესაბამისად, ამის გათვლაც იყო შეუძლებელი, რა და როგორ იქნებოდა. ამ ვითარებაში აღმოჩნდა მსოფლიო და ამან შეუწყო ხელი მაღალი ინფლაციის შენარჩუნებას. სამწუხაროდ, მე არ მივეკუთვნები იმ ოპტიმისტების რიცხვს, ვინც თვლის, რომ 2023 წელს ინფლაცია შემცირდება. არც საქართველოში და არც მსოფლიოში.

მიწოდების გლობალური ჯაჭვები ვერ აღდგა ომის გამო. ამას დაემატა ჩინეთში კოვიდი და ლოკდაუნები, ანუ ჩინეთის მონაწილეობა ამ გლობალურ ჯაჭვებში, უბრალოდ, შეუძლებელია. სამწუხაროდ, ეკონომიკა კვლავ რჩება მედიცინის მძევლად კოვიდთან მიმართებაში, მაგრამ ამ ომმა დაიწყო კიდევ ლოკალური ომები - ნავთობის და სასურსათო ომები" - განაცხადა პაპავამ ,,საქმეში".

თამარ მუკბანიანი