გიორგი ჭირაქაძე: ლარის გაუფასურება საკმაოდ პრობლემური იყო, როგორც ბიზნესისთვის, ასევე საზოგადოებისთვის

საქართველოს ბიზნესასოციაციის პრეზიდენტის გიორგი ჭირაქაძის განცხადებით, ლარის გაუფასურება საკმაოდ პრობლემური იყო, როგორც ბიზნესისთვის, ასევე საზოგადოებისთვის.

ამის შესახებ ჭირაქაძემ ჟურნალისტებს ბიზნესასოციაციის წევრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.  "საქართველოს ბიზნესასოციაციამ დავაფიქსირეთ, რომ რეალურად ლარის გაუფასურება და განსაკუთრებით შოკური გაუფასურება, საკმაოდ პრობლემური იყო როგორც ბიზნესისთვის, ასევე საზოგადოებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ლარის კურსის სტაბილიზაცია მოხდეს. ჩვენ ვხედავთ, რომ სტაბილიზაცია რაღაც დონით ხდება. მართალია ეს ის კურსი არ არის, რომელიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა. ჩვენ გაცილებით ნაკლები კურსი გვინდა, მაგრამ მიუხედავად ამისა, სტაბილიზაცია მნიშვნელოვანია, რათა ეკონომიკამ შეძლოს ფუნქციონირება და გააგრძელოს სტაბილურად მუშაობა", - განაცხადა გიორგი ჭირაქაძემ.

მისივე თქმით, როდესაც კურსი ძალიან მერყევია, ბიზნესისთვის ძალიან რთულია პროგნოზის გაკეთება თუ რა მოხდება ხვალ, ამიტომ ყველა თავს იკავებს როგორც საინვესტიციო, ასევე სხვა ქმედებებისგან.  "ჩვენ გვინდა, დავინახოთ რომ ეროვნული ბანკი გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ მაქსიმალურად სტაბილურობა შენარჩუნებული იყოს ქვეყანაში. გახსოვთ, რომ ხელისუფლების ეკონომიკურ გუნდთან გვქონდა შეხვედრა. ისინი დაგვპირდნენ, რომ ყველაფერს გააკეთებენ ამისთვის. პირველ ნიშნებს ჩვენ უკვე ვხედავთ. იცით, რომ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში ელოდება კურსის გამყარებას. პირადად მეც ველოდები, რომ სავალუტო შემოდინებები, ზაფხულის განმავლობაში გაცილებით მეტი იქნება. საზოგადოებისა და ბიზნესის დაწყნარება ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ჩვენ ყველანი კალაპოტში ჩავდგეთ და ყველამ ჩვენი საქმე გავაგრძელოთ", - განაცხადა ჭირაქაძემ.