Ipsos-ის გლობალური პროგნოზები 2023 წლისთვის: რას ელის ხალხი

ძალიან რთული 2020 და 2021 წლების შემდეგ, ბევრი ადამიანი აღნიშნავს, რომ 2022 წელი შედარებით უკეთესი იყო. თუმცა, გაურკვევლობა სხვადასხვა სფეროებში დღემდე არსებობს.

როგორც ipsos წერს, 2023 წლის მიმართ, მათ მიერ გამოკითხული მოქალაქეები ოპტიმისტურად არიან განწყობილნი, თუმცა უმეტესობა გამოხატავს შეშფოთებას ეკონომიკის, გარემოს და მსოფლიო უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ.

გამოკითხვა Ipsos-მა 36 ქვეყანაში, მათი ონლაინ პლატფორმით - Global Advisor -ით ჩაატარა და ჯამში 24 000-ზე მეტი რესპოდენტი გამოკითხა.

გამოიკითხა სულ 24,471 ადამიანი, რომელთა ასაკი 18-74 წლამდე მერყეობს. Ipsos-მა მოიცვა შეერთებული შტატები, კანადა, ირლანდია, ისრაელი, მალაიზია, სამხრეთ აფრიკა, თურქეთი, ტაილანდი, ინდონეზია და სინგაპური.

აი, რა ტენდენციები გამოიკვეთა 2023 წლისთვის:

ეკონომიკა 2023 წელს

საერთო ჯამში, გლობალური ეკონომიკის მიმართ გაცილებით მეტი პესიმიზმია, ვიდრე შარშან იყო. გამოკითხულთა მხოლოდ 46%-ს სჯერა, რომ გლობალურად ეკონომიკა მომავალ წელს გაძლიერდება.

ეკონომიკის გაუმჯობესებას ელოდება ჩინეთში გამოკითხულთა 78% და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში მცხოვრები 76%.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი (46%) თვლის, რომ სავარაუდოდ, მათ ქვეყანას დასჭირდება გადაუდებელი დახმარება საერთაშორისო სავალუტო ფონდიდან.

იგივეს ეთანხმება სამხრეთ აფრიკაში გამოკითხულთა 78% და არგენტინაში - 70%.

მსოფლიო უსაფრთხოება 2023 წელს

კონფლიქტების შესაძლო ესკალაციამ გაზარდა შეშფოთება იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ბირთვული იარაღი იქნეს გამოყენებული.

გამოკითხულთა თითქმის ნახევარი - 48% ფიქრობს, რომ ეს არის სავარაუდო სცენარი. შფოთვა ამის თაობაზე განსაკუთრებით მაღალია ინდონეზიაში - 69%-ით, ასევე პერუსა და კოლუმბიაში (ორივე 62%).

22% ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, 2023 წელს დედამიწას ასტეროიდი დაეცემა, ხოლო 18% მოელის, რომ უცხოპლანეტელები გვეწვევიან.

გარემო 2023 წელს

ადამიანთა უმრავლესობას მთელს მსოფლიოში სჯერა, რომ 2023 წელს კლიმატის ცვლილების უფრო მეტ შედეგებს დავინახავთ. მაგალითად, 65% ამბობს, რომ 2023 წელს სავარაუდოდ, უფრო ექსტრემალური სტიქიური მოვლენები იქნება მათ ქვეყანაში.

დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, ბელგიაში, პოლონეთში, შვეიცარიაში, უნგრეთსა და რუმინეთში ადამიანების 20%-ზე ნაკლები ფიქრობს, რომ სავარაუდოდ, განვითარდება ტექნოლოგიური გარღვევა, რომელიც კლიმატის ცვლილებას შეაჩერებს.

ნახევარზე მეტი -57% ფიქრობს, რომ 2023 იქნება ყველაზე ცხელი წელი, სადაც ისინი ცხოვრობენ.

ათიდან ოთხზე მეტი ელოდება, რომ მათი ქვეყნის დიდ ქალაქს სტიქიური უბედურება დაატყდება თავს. ასე ფიქრობს გამოკითხულთა 78% ინდონეზიაში, 66% თურქეთში და 65% შეერთებულ შტატებში, ირლანდიაში, უნგრეთსა და ისრაელში 25%-მდე.

გლობალურად, დაახლოებით ყოველი მესამე ამბობს, რომ სავარაუდოა, რომ მათ ქვეყანაში ხალხი უფრო ტოლერანტული გახდება ერთმანეთის მიმართ.

ტექნოლოგია 2023 წელს

გამოკითხულთა ნაწილი ელოდება, რომ 2023 წელს კოსმოსური მიმართულება განვითარდება.

დაახლოებით ნახევარი - 47% ელოდება, რომ 2023 წელს მარსზე რაკეტას გაუშვებენ. 39% კოსმოსურ ტურიზმში პირველი ნაბიჯების გადადგმას ვარაუდობს.

27% - ფიქრობს, რომ დაკარგული მოგონებების აღსადგენად, იმპლანტი წარმატებით დაინერგება ადამიანის ტვინში.

წყარო: ipsos.com

თეონა რამაზაშვილი