რუსეთმა ზეთზე საექსპორტო გადასახადი იანვარშიც ნულოვანი დატოვა

რუსეთიდან მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადი იანვარში, წინა სამი თვის მსგავსად, ნულოვანი რჩება, ხოლო მზესუმზირის შროტზე გადასახადი ერთბაშად, თითქმის, 23-ჯერ გაიზარდა. ამის შესახებ ფედერაციის სოფლის მეურნეობის სამინისტროს განცხადებაში არის ნათქვამი, რასაც „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

თუ დეკემბერში ტონა შროტზე გადასახადი 79,8 რუბლს (დოლარზე ოდნავ მეტს) შეადგენდა, იანვარში 1826,9 რუბლი (თითქმის, 26 დოლარი) გახდა.

საორიენტაციო ფასები, რომლითაც საექსპორტო გადასახადი გამოითვლება, ტონა ზეთზე 1207,6 დოლარი იყო, მაშინ, როცა ერთი თვის წინ 1 178,1 დოლარს შეადგენდა, ხოლო ტონა შროტზე მიმდინარე 231,1 დოლარიდან 246,2 დოლარამდე გაიზარდა.

რუსეთში 2021 წლის 1-ლი სექტემბრიდან 2022 წლის 31 აგვისტოს პერიოდისთვის - მზესუმზირის ზეთზე, ხოლო 1-ლი მაისიდან 31 აგვისტომდე შროტზე მოქნილი საექსპორტო გადასახადი შემოიღეს. ზაფხულში ფედერაციის მთავრობამ მზესუმზირის ზეთის, შროტისა და მზესუმზირის მარცვლებზე საექსპორტო გადასახადის ვადა კიდევ ერთი წლით, 2023 წლის 31 აგვისტომდე გაახანგრძლივა, ხოლო ზეთსა და შროტზე ამ გადასახადების გამოთვლა დოლარიდან რუბლებზე გადაიტანა.

დადგენილების თანახმად, რუბლებზე გადასვლის ფარგლებში, მზესუმზირის ზეთის საექსპორტო გადასახადის გაანგარიშების საბაზისო ფასმა ტონაზე, 1 000 დოლარის ნაცვლად, 82 500 რუბლი (1 415 დოლარი), ტონა შროტზე კი, 185 დოლარის ნაცვლად, 13 875 რუბლი (238 დოლარი) შეადგინა.

საექსპორტო გადასახადი საბაზისო და საორიენტაციო ფასებს შორის სხვაობის 70%-ს წარმოადგენს.

განულებამდე, ანუ სექტემბერში რუსულ ზეთზე საექსპორტო გადასახადი ტონაზე 8621,3 რუბლს, (დაახლოებით, 122 დოლარს) შეადგენდა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ