იაპონიის მთავრობა ტოკიოდან პროვინციებში დაბრუნებულ ოჯახებს დახმარებას უზრდის

იაპონიის ხელისუფლება შემწეობის თანხას ოჯახებისთვის თითო ბავშვზე მილიონ იენამდე (7600 დოლარამდე) გაზრდის, რომლებიც გადატვირთული ტოკიოდან ქალაქგარეთ გადავლენ საცხოვრებლად. ინფორმაციას Financial Times (FT) სამთავრობო წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.

საცხოვრებელი ადგილის შეცვლაზე შემწეობის სქემა 2019 წლიდან მოქმედებს, თუმცა ამჟამად მისი ოდენობა თითო ბავშვზე სამჯერ ნაკლები, 300 000 იენი, ანუ 2,280 დოლარია. მისი ზრდა სამთავრობო გეგმის ნაწილია, რომელიც ტოკიოდან გადასასვლელად ახალგაზრდა ოჯახების წახალისებას ემსახურება. ასევე, გათვალისწინებულია ერთჯერადი ფინანსური დახმარება, რომელიც 3 მლნ იენს, ანუ 22,800 დოლარს მოიცავს. ოჯახები უფრო მეტ თანხასაც მიიღებენ, თუკი დასახლების ახალ ადგილას ბიზნესს გახსნიან. ვინც ამ სამთავრობო დახმარებას თანხმდება, მათ პროვინციაში, მინიმუმ, ხუთი წელი უნდა იცხოვრონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხის დაბრუნება მოუწევთ.

FT-ის თანამოსაუბრეების მონაცემებით, ფისკალურ 2021 წელს განსახლების დახმარებით 2400-ზე მეტმა ადამიანმა ისარგებლა, რაც დიდი ტოკიოს 38 მილიონი მოსახლეობის მხოლოდ 0,006%-ია. იაპონიის მოსახლეობის კლებამ, დაბერებამ და დედაქალაქში ახალგაზრდების მიგრაციამ პროვინციებს მძიმე დარტყმა მიაყენა, სადაც ქალაქები და სოფლები ცარიელდება და დაუსახლებელი საცხოვრებლების რაოდენობა იზრდება. ამასთან, იაპონიის უძრავი ქონების ეკონომიკის ინსტიტუტის თანახმად, ტოკიოში უძრავი ქონების ფასებმა 1989 წელს ბაზარზე დადგენილ პიკს უკვე გადააჭარბა.

იაპონიის, დაახლოებით, 1300 მუნიციპალიტეტი ტოკიოდან გადასული მოქალაქეების მიღებაზე დათანხმდა. ჩასულებს უფასო საბავშვო ბაღებსა და სამუშაოს ჰპირდებიან.

იაპონიაში შობადობა მოსალოდნელზე სწრაფად იკლებს. 2022 წლის ბოლოსთვის დაბადებული ბავშვების რაოდენობა, მე-19 საუკუნის ბოლოდან პირველად, 800 000-ს ჩამოსცდა. მოსახლეობისა და სოციალური უზრუნველყოფის კვლევის ეროვნული ინსტიტუტი 2017 წელს პროგნოზირებდა, რომ ასეთი კლება 2030 წლამდე არ უნდა დაფიქსირებულიყო.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ