McDonald`s რუსულ ხორცზე ყაზახეთშიც უარს ამბობს და ქვეყნის დატოვებას გეგმავს

კორპორაცია McDonald`s ყაზახეთის დატოვებას აპირებს. მიზეზად Bloomberg უკრაინის ომით გამოწვეულ შეზღუდვებს ასახელებს, რამაც ქვეყანა რუსული ხორცის მიწოდების ალტერნატივის გარეშე დატოვა.

სააგენტოს ინფორმირებული წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის საწარმოები დასავლურ სანქციებს არ ექვემდებარებიან, McDonald`s-მა, რომელმაც რუსეთი დატოვა, ადგილობრივ ფრენჩაიზებს რუსი მიმწოდებლებისგან ხორცის კატლეტების ყიდვა აუკრძალა. ამის შესახებ წყაროებმა ანონიმურობის პირობით განაცხადეს, რადგან ინფორმაცია საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი. McDonald`s-ის 24-მა რესტორანმა, რომელიც Food Solutions KZ-ის ეკუთვნის, ნოემბერში მიწოდების პრობლემების გამო მუშაობა შეაჩერა.

წყაროების თანახმად, ყაზახური ბიზნესი ხორცის კატლეტებს ადგილობრივი ან ევროპელი მიმწოდებლებისგან ვერ ყიდულობს, რადგან უფრო მაღალი ფასები და ამ დიდ ქვეყანაში ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება ბიზნესს აზარალებს.

თავად McDonald`s-ში კომენტარს არ აკეთებენ.

ყაზახური ფრენჩაიზის მფლობელი ყაირატ ბორანბაევია, რომელიც მარტში გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. Bloomberg-ის ცნობით, ბორანბაევი ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ნათესავია. მან სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ყაზახეთში 2016 წელს გახსნა. ყაირატ ბორანბაევი McDonald`s-ის ფრენჩაიზს, ასევე, ბელარუსში ფლობდა, რომელმაც 2022 წელს ლიცენზია მიწოდების პრობლემების გამო დაკარგა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ