ფაქტორები, რომლებიც ტურიზმის განვითარებას აფერხებს

თელავის სასტუმროების მფლობელები ზაფხულის იმედად არიან

უცხოელი ტურისტების რიცხვის შემცირება ისევე როგორც მთელ საქართველოში, იგრძნეს კახეთის რეგიონშიც. თელავში მდებარე საოჯახო და მსხვილი სასტუმროების მფლობელები ამბობენ, რომ მთელი ზამთრის განმავლობაში უცხოელი ტურისტები თითქმის არ ჰყოლიათ, მაშინ როდესაც გასულ წლებში უკეთესი ვითარება იყო.

„ბოლო 2-3 თვის განმავლობაში უცხოელი ტურისტი ჩვენ არ გვყოლია. გასულ წელს ტურისტულ კომპანიებს მოჰყავდათ ხოლმე. თვეში ოთხი ჯგუფი მაინც. წელს დავუკავშირდით მათ და გვითხრეს, რომ ვერ მოდიან, ვინაიდან ტურისტები არ ჰყავთ. იმის წინა წელს კი ძალიან ბევრი ტურისტი იყო, მოდიოდნენ ინდივიდუალურად, ტურისტული კომპანიებით. ახლა კიდევ საერთოდ არ არის. წელს არცერთი ტურისტული კომპანია არ დაგვკავშირებია და არ დაუჯავშნიათ ნომრები“, - ამბობს სასტუმრო „კახეთის“ მენეჯერი, ნოდარ ვარსიმაშვილი.

საოჯახო და მცირე ზომის სასტუმროებთან შედარებით, ზამთრის პერიოდში უცხოელი ტურისტების რაოდენობის კლება მნიშვნელოვნად არ უგრძვნიათ დიდ სასტუმროებში.”ამ პერიოდში უცხოელები ძალიან იშვიათია. ამ წუთას სხვა ქვეყნიდან ჩამოსული ვიზიტორი არავინ გვყავს. თვის მანძილზე კი საშუალოდ 10-მდე უცხოელი გვსტუმრობს. ისინი, ძირითადად, ტურისტულ კომპანიებს მოჰყავს ჩვენთან. ზაფხულში უფრო მეტი შემთხვევაა, როდესაც არა ტურისტული სააგენტოებით, არამედ ინდივიდუალურად მოდიან. შარშანდელთან შედარებით ამ პერიოდში ტენდენცია ჩვენთან მაინც და მაინც არ შეცვლილა” - აღნიშნა ჩვენთან საუბრისას სასტუმრო „ძველი თელავის“ ადმინისტრატორმა, სოფო ცისკარიშვილმა.

თელავში მდებარე სასტუმროების მფლობელების თქმით, 2014 წელს 2013 წელთან შედარებით უცხოელი ტურისტების რიცხვის კლება ჯერ კიდევ ზაფხულის პერიოდში იყო შესამჩნევი. საქართველოს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას კახეთის რეგიონში 2014 წლის განმავლობაში ვიზიტორების რიცხვის სტატისტიკური მონაცემები არ აქვს. 2013 წლის სტატისტიკის მიხედვით კი, კახეთში ვიზიტორების რიცხვმა 383 015 ადამიანი შეადგინა.

„2013 წლის ზაფხულში უფრო მეტი უცხოელი იყო ჩამოსული, ვიდრე შარშან. ამჟამად მხოლოდ ქართველი ტურისტები მყავს. უცხოელები არ არიან. ფაქტია, რომ ცხოვრება უკან-უკან მიდის. ეს სასტუმრო რომ გავაკეთე, იმედი მქონდა, რომ წინ წავიდოდით, მაგრამ პირიქით. უამრავი ვალი მაქვს”, - აღნიშნა ერთ-ერთი საოჯახო სასტუმროს მფლობელმა, 69 წლის იზამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კახეთის რეგიონში ტურიზმის მხრივ ამ დრომდე არაერთი პრობლემა არსებობს. უწყებაში აცხადებენ, რომ ბევრი ფაქტორი შეიძლება ტურიზმის განვითარების დამაბრკოლებლად ჩაითვალოს, მათ შორის როგორც სახელმწიფო, ისე კერძო სექტორის მხრიდან: ”მუდმივად საჭიროებს ყურადღებას ინფრასტრუქტურა, მოსანახულებელ ობიექტებთან დამაკავშირებელი შიდა გზები, მანიშნებლები, საინფორმაციო დაფები და სხვა. ამასთან, მომხმარებელი სერვისების ფასთან შეუსაბამობაზე და სერვისების ნაკლებობაზე მუდმივად საუბრობს. მომსახურების დაბალი დონე ჯერ კიდევ უდაოდ ჩვენი პრობლემაა”.

იმისათვის, რომ კახეთის რეგიონში უცხოელი ტურისტების რიცხვი გაიზარდოს, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სხვადასხვა ღონისძიების ჩატარებას გეგმავს. ”გამოკითხვის საფუძველზე იკვეთება გარკვეული უნარების ამაღლების საჭიროება, შესაბამისად ვგეგმავთ სხვადასხვა სახის ტრენინგებს, როგორიცაა: ტაქსის მძღოლებისათვის ინგლისური ენა და სერვის-პლუსი, სასტუმროს საქმე და მომსახურების უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და სხვა. ასევე, ჩვენი მხრიდან მზადდება კახეთის მარკეტინგული კამპანია, რომელიც დაფინანსებულია მსოფლიო ბანკის რეგიონალური განვითარების პროექტის ფარგლებში. აღნიშნული კამპანია მოიცავს მიზნობრივ ბაზრებზე რეგიონის პოზიციონირებას, კახეთის ვებ-პორტალის განახლებას, კახური ტრადიციული მეთოდით ღვინის დაყენებაზე სატელევიზიო კლიპის გადაღებას და ასევე მობილური აპლიკაციის მომზადებას, რომელშიც ასახული იქნება კახეთის ყველა ტურისტული ღირსშესანიშნაობა” - განაცხადეს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.

კახეთში ძირითადად ღვინის ტურიზმია განვითარებული. ასევე ვიზიტორები ამ რეგიონში კულტურული მემკვიდრეობის უმნიშვნელოვანესი ძეგლების, მაგალითად ალავერდის, გრემის, ნეკრესის და სხვა ძეგლების მოსანახულებლადაც ჩადიან. უცხოელი ტურისტები კახეთს ძირითადად ზაფხულის განმავლობაში სტუმრობენ. ამიტომაც კახეთში მდებარე საოჯახო სასტუმროების მფლობელები და ის ადამიანები, რომელთა შემოსავლის წყაროს ძირითადად ტურიზმი წარმოადგენს, ზაფხულის იმედად რჩებიან.

თამთა ჯიჯავაძე