Amazon-ი 18 ათას თანამშრომელს დაითხოვს

კომპანია Amazon სამსახურიდან 18 ათასზე მეტი თანამშრომლის დათხოვას აპირებს. ამის შესახებ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ენდი ჯესიმ განაცხადა, რომელიც კომპანიის საიტზე გავრცელდა.

გასული წლის ნოემებრში ითქვა, რომ Amazon გეგმავდა 10 ათასი თანამშრომლის გაშვებას. როგორც ჯესიმ განმარტა, შესაბამისი გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2023 წლის დაგეგმვისას, იმ „ეკონომიკური გაურკვევლობის ფონზე, რომელიც ბოლო 2 წელიწადში ძალიან დიდი დოზით თანამშრომლების აყვანამ შექმნა“. ამასთან, მისი თქმით, ხელმძღვანელობამ ჯერ კიდევ მაშინ გააფრთხილა თანამშრომლები, რომ შესაძლოა, მომხდარიყო უფრო მეტი ადამიანის გათავისუფლება. ჯესის თქმით, ბოლოს ჩატარებული ანალიზის მიხედვით საჭირო გახდა უფრო მეტი ადამიანის დათხოვნა და ეს რაოდენობა 18 ათასს გადასცდება.

ცნობისთვის, ბოლო 2 პანდემიური წლის განმავლობაში Amazon-ის თანამშრომელთა რიცხვი გაორმაგდა, ონლაინ შოპინგზე გაზრდილი მოთხოვნის გამო, თუმცა სანიტარული ზომების გაუქმების ფონზე კომპანიის შემოსავლები შემცირდა. 2022 წლის სექტემბრის მდგომარეობით Amazon-ში 1,5 მილიონი ადამიანი იყო დასაქმებული.

კოკა კვირკველია