პროფესიები, რომლითაც საქართველოში მარტივად დასაქმდებით

საქართველოშიც არის ისეთი პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა მაღალია

უმუშევრობა საქართველოში არსებულ პრობლემებს შორის უმთავრესია. სწორედ, უმუშევრობით აიხსნება ის, რომ საქართველოს მოქალაქეთა დიდი ნაწილი უცხოეთში საქმიანობს და უკან დაბრუნებას არ ჩქარობს. თუმცა საქართველოშიც არის ისეთი პროფესიები, რომლებზეც მოთხოვნა მაღალია და სამსახურს შედარებით მარტივად იშოვით. bpn.ge დასაქმების რამდენიმე სააგენტოს დაუკავშირდა და ყველაზე მოთხოვნადი პროფესიების დასახელება სთხოვა.

როგორც სააგენტო hr.ge-ს მენეჯერმა გვითხრა, ამ მხრივ დიდი ადგილი გაყიდვების კატეგორიას უკავია, მისი წილი ვაკანსიებს შორის 20 პროცენტია. შემდეგ მოდის სასტუმროებისა და რესტორნების მომსახურე პერსონალი 10 პროცენტით, ხოლო მესამე ადგილს კონსულტანტის თანამდებობა იკავებს 8 პროცენტით.

მენეჯერებისა და ფინანსისტების სიმრავლეზე საუბრობს job.geo.com-ის მენეჯერი დავით არველაძეც: "ჩვენი სააგენტოს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, საკმაოდ მაღალი მოთხოვნაა გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე. ამ კატეგორიაში შედის დისტრიბუტორი, ასევე ოფისის მენეჯერი. ხშირად სჭირდებათ ბუღალტრები და ადმინისტრაციული პერსონალიც".

როგორც ჩვენმა მოკლვევამ აჩვენა, საკმაოდ დიდია მოთხოვნა ძიძებსა და დამხმარე ქალბატონებზეც, რომლებსაც მაღალშემოსავლიანი ოჯახები ქირაობენ. მათი დასაქმება გამოცდილების მიხედვით ხდება და ანაზღაურება 450 ლარიდან 1000 ლარამდე მერყეობს. გარდა ამ პროფესიებისა, ასევე დიდი მოთხოვნაა მზარეულის და მიმტანის პოზიციაზეც.

სააგენტოების განცხადებებით თუ ვიმსჯელებთ, ზემოთ ჩამოთვლილ პოზიციებზე ვაკანსიები ხშირად აქვთ და თუ მოინდომებთ, აუცილებლად დასაქმდებით. თუმცა,  აუცილებელია გაითვალისწინოთ ორი რამ: სამსახურის მაძიებელთა კომპეტენცია უნდა იყოს საკმაოდ მაღალი და ასევე, აუცილებელია თქვენ მიერ შესრულებული სამუშაო აკმაყოფილებდეს დამსაქმებლის მოთხოვნებს.

თიკო გურაშვილი