რუსული Urals-ის ფასი დასავლეთის მიერ დაწესებულ ზღვარს ჩამოსცდა

რუსული ნავთობის, Urals-ის ფასი დეკემბერში ბარელზე 50,47 დოლარამდე დაეცა, რაც დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ ზღვარზე ნაკლებია. წინა თვესთან შედარებით, ნავთობის ღირებულება 24%-ით, ხოლო 2021 წლის დეკემბერთან შედარებით თითქმის ერთნახევარჯერ შემცირდა - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.

შედარებისთვის - Brent-ის ნავთობის მარტის ფიუჩერსები გამოქვეყნების მომენტისთვის ბარელზე 78,28 დოლარად იყიდებოდა, WTI ნავთობის თებერვლის კონტრაქტები კი ბარელზე 73,11 დოლარი იყო.

ბარელზე 50,47 დოლარის ფასი დასავლეთის ქვეყნების მიერ დაწესებულ ჭერზე დაბალია, რაც რუსეთიდან ნავთობის ოფშორული მიწოდების შეზღუდვას ითვალისწინებდა. G7-ის ქვეყნებმა, ევროკავშირმა და ავსტრალიამ გადაწყვიტეს ზღვით მიწოდებული რუსული ნავთობის ფასი ბარელზე 60 დოლარამდე შეზღუდონ. ჭერი ძალაში 5 დეკემბერს შევიდა.

ამავდროულად, დასავლური შეზღუდვები ითვალისწინებს FOB (ბორტზე უფასო) საექსპორტო ფასებს, როდესაც გამყიდველს ეკისრება ნავთობის ტრანსპორტირებისა და დაზღვევის ხარჯების მხოლოდ ნაწილი. ფინანსთა სამინისტროს ფასში შედის დაზღვევისა და დანიშნულების პორტამდე ტრანსპორტირების ხარჯები და ამ ხარჯების გამოკლებით Urals-ის ფასი კიდევ უფრო დაბალი იყო.

2022 წლის ბოლო ოთხ კვირაში რუსეთიდან ნავთობის ექსპორტი მინიმუმამდე დაეცა. როგორც Bloomberg-ი წერს, დეკემბერში რუსეთიდან ნავთობის ოფშორული მიწოდება დღეში 117 000 ბარელით შემცირდა, რაც დღეში საშუალოდ 2,615 მლნ ბარელს მოიცავს.

„ტრანსნეფტის“ ცნობით, ნედლეულის საზღვაო მარაგს ხელს უშლის ცუდი ამინდი. თუმცა, თავისი როლი ითამაშა ევროკავშირის ემბარგომაც, რაც გემების ნაკლებობაშიც გამოიხატება.

ეკა დარჩიაშვილი