რუსულ გაზისგან დამოუკიდებლობისთვის გერმანია კიდევ ორ LNG ტერმინალს ხსნის

გერმანულ თემ ლუბმინში, სადაც ზღვიდან ხმელეთზე გაზსადენი, Nord Stream ამოდის, მომავალ კვირას თხევადი ბუნებრივი გაზის, ანუ LNG-ის კიდევ ერთი ტერმინალის გახსნა იგეგმება, მომდევნო კვირებში კი მეორე ტერმინალი ამოქმედდება. ამის შესახებ გერმანიის ეკონომიკის მინისტრმა, რობერტ ჰაბეკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რასაც ეკონომიკური სააგენტო „პრაიმი“ ავრცელებს.

ჰაბეკის თქმით, ქვეყანას უკვე აქვს LNG-ის ტერმინალი გერმანიის პორტ ვილჰელმშევენში, ხოლო ახალი ტერმინალებიდან ერთი ლუბმინში მომავალ კვირას, მეორე კი ბრუნსბრუტელში მომდევნო კვირებში გაიხსნება. მინისტრის მონაცემებით, „გერმანიამ შეძლო ისეთი LNG-ინფრასტრუქტურა აეშენებინა, რომელიც 10 თვეში Nord Stream 1-ის მარაგის მესამედს შეცვლის, რასაც, ჩვეულებრივ, 10 წელი დასჭირდებოდა“.

ეკონომიკის მინისტრის განცხადებით, თუ გერმანია ამ ტემპს შეინარჩუნებს, ქვეყანა მომავალ წელს Nord Stream 1-ის მიწოდების ორი-მესამედის LNG-ით ჩანაცვლებას შეძლებს.

„ეს მაძლევს გარკვეულ ოპტიმიზმს, რომ ჩვენ გადარჩენის შანსი არ დაგვიკარგავს,“ - აცხდებს ჰაბეკი.

თხევადი ბუნებრივი გაზის პირველი ტერმინალი გერმანიის პორტ ვილჰელმშევენში 17 დეკემბერს გაიხსნა. კანცლერ ოლაფ შოლცმა მაშინ განაცხადა, რომ მალე ლუბმინში, ბრუნსბრუტელსა და სტადში სხვა ტერმინალებიც გაიხსნება.

გერმანიის ხელისუფლება გეგმავს, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სულ ხუთი LNG-ის მცურავი ტერმინალი ააშენოს, რაც, შოლცის შეფასებით, გერმანიას რუსული გაზის მიწოდებისგან დამოუკიდებელს გახდის.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ