ქონებრივ დეკლარაციაში რა დარღვევების გამო დაჯარიმდა ლევან ხაბეიშვილი და როგორია მისი ფინანსური მდგომარეობა

ქონებრივ დეკლარაციებში დარღვევების გამო, 2022 წელს შემოწმებულ თანამდებობის პირთა 36% დაჯარიმდა. ამის შესახებ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული.

როგორც დოკუმენტიდან ირკვევა, 2022 წლის განმავლობაში შემოწმებული 377 პირიდან, 39 იყო პარლამენტის წევრი. მათგან, 6 დეპუტატის დეკლარაცია შეფასდა დადებითად, 27 - დაჯარიმდა, 3 -ს გაფრთხილება მისცეს, ხოლო 3 დეპუტატის დეკლარაციის მონიტორინგი შეწყდა.

ერთ-ერთი დეპუტატი, რომლის ქონებაც უარყოფითად შეფასდა და დაჯარიმდა, არის „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, პარტიის თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი. საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ გამოქვეყნებული ანგარიშით, დაჯარიმების მიზეზი გახდა: ბიუროს მიერ მოთხოვნილი საბანკო დოკუმენტაციის არასრულყოფილად წარმოდგენა. ამასთან, მათი შეფასებით, დეკლარაციაში არ არის მითითებული ინფორმაცია თანამდებობის პირის სამეწარმეო საქმიანობის შესახებ.

„ბიზნესპრესნიუსი“ დაინტერესდა თუ როგორია ლევან ხაბეიშვილის ქონებრივი მდგომარეობა. დეკლარაცია მას როგორც პარლამენტის წევრს 2022 წლის თებერვალში აქვს შევსებული.

კერძოდ, ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, როგორც დეკლარაციიდან ირკვევა მის სახელზე არ ფიქსირდება უძრავი ქონება. მის საკუთრებაშია მსუბუქი ავტომობილი Toyota Highlander-ი, რომელიც 2020 წელს 7 000 დოლარად შეიძინა.

მასვე დეკლარაციის შევსების მომენტში სახელფასო ანგარიშზე 9 334 ლარი, ხოლო საკრედიტოზე ჯამში - 2 179 ლარი ჰქონდა. ამასთან, პარლამენტის წევრის პოზიციაზე მისმა შემოსავალმა გასულ წელს 42 412 ლარი, ხოლო თბილისის საკრებულოს წევრის პოზიციაზე 2021 წლის 1-ელ 5 თვეში 12 864 ლარი შეადგინა. მასვე უფიქსირდება 23 500 ლარის მოცულობის სამომხმარებლო სესხი.