ალმათაში McDonald's-ის აბრების დემონტაჟი დაიწყეს

ყაზახეთში დღეიდან შესაბამისი სამსახურის მუშებმა McDonald's-ის რესტორნების შენობებიდან აბრების, ლოგოებისა და სხვა ვიზუალური ელემენტების დემონტაჟი დაიწყეს. ინფორმაციას „რია ნოვოსტის“ ალმათის ბიურო ავრცელებს.

დღის პირველ ნახევარში მუშათა ბრიგადამ McDonald's-ის აიდენტიკის დემონტაჟი ალმათის ტოლე ბისა და კუნაევის ქუჩების კვეთაზე მდებარე რესტორნიდან დაიწყო, რის შემდეგაც იმ მისამართებზე გადაინაცვლა, სადაც 2022 წლის ნოემბრამდე ქსელის რესტორნები კომპანია Food Solutions KZ-ის კონტროლის ქვეშ მუშაობდნენ.

ერთ-ერთი დახურული რესტორნის თანამშრომელმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ რესტორნების ქსელმა მუშაობა შესაძლოა, მიმდინარე თვეში განაახლოს. ამასთან, მან არ გამორიცხა, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში რესტორნებმა „no name-ის, ანუ უსახელო რეჟიმში იმუშაონ, როგორც ეს ბელარუსშია.“

ყაზახეთიდან McDonald`s-ის წასვლის მიზეზად სააგენტო Bloomberg უკრაინის ომით გამოწვეულ შეზღუდვებს ასახელებს, რამაც ქვეყანა რუსული ხორცის მიწოდების ალტერნატივის გარეშე დატოვა. სააგენტოს ინფორმირებული წყაროს ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთის საწარმოები დასავლურ სანქციებს არ ექვემდებარებიან, McDonald`s-მა, რომელმაც რუსეთი დატოვა, ადგილობრივ ფრენჩაიზებს რუსი მიმწოდებლებისგან ხორცის კოტლეტების ყიდვა აუკრძალა. ამის შესახებ წყაროებმა ანონიმურობის პირობით განაცხადეს, რადგან ინფორმაცია საჯაროდ არ არის ხელმისაწვდომი.

McDonald`s-ის 24-მა რესტორანმა, რომელიც Food Solutions KZ-ის ეკუთვნის, ნოემბერში მიწოდების პრობლემების გამო მუშაობა შეაჩერა. წყაროების თანახმად, ყაზახური ბიზნესი ხორცის კატლეტებს ადგილობრივი ან ევროპელი მიმწოდებლებისგან ვერ ყიდულობს, რადგან უფრო მაღალი ფასები და ამ დიდ ქვეყანაში ტვირთის ტრანსპორტირების ღირებულება ბიზნესს აზარალებს.

ყაზახური ფრენჩაიზის მფლობელი ყაირატ ბორანბაევია, რომელიც მარტში გაფლანგვის ბრალდებით დააკავეს. Bloomberg-ის ცნობით, ბორანბაევი ყოფილი პრეზიდენტის, ნურსულთან ნაზარბაევის ნათესავია. მან სწრაფი კვების რესტორნების ქსელი ყაზახეთში 2016 წელს გახსნა. ყაირატ ბორანბაევი McDonald`s-ის ფრენჩაიზს, ასევე, ბელარუსში ფლობდა, რომელმაც 2022 წელს ლიცენზია მიწოდების პრობლემების გამო დაკარგა. მან 590 მლნ დოლარის ქონებით ჟურნალ Forbes-ყაზახეთის 2021 წლის უმდიდრესი ბიზნესმენების რეიტინგში მე-14 ადგილი დაიკავა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ