თბილისში 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების ბაზარი ასათვისებელია

თბილისის 4 და 5 ვარსკვლავიან სასტუმროებს, დაახლოებით, 75%-იანი დატვირთულობა აქვთ.

ამის შესახებ კომპანია ”კოლიერს ინტერნეიშენალ ჯორჯიას” მმართველმა ოპერატორმა, ირაკლი კილაურიძემ ”პალიტრა ტვ”-ს გადაცემა ”საქმეში” ისაუბრა.

მისივე თქმით, თბილისის 4 და 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ბაზარი დღეს ძალიან მიმზიდველია, განსხვავებით ბათუმის სასტუმროებისგან: ”თბილისის 4, 5 ვარსკვლავიანი სასტუმროების ბაზარი ძალიან მიმზიდველია დღეს. დაახლოებით 75%-იანი დატვირთულობა აქვთ. ეს ძალიან კარგი მაჩვენებელია ბრენდი სასტუმროებისთვის. სხვა სიტუაციაა ბათუმში, სადაც ბევრად უფრო ნაკლები დატვირთულობაა. ბრენდ სასტუმროებს, დაახლოებით, 50%-იანი დატვირთულობა აქვთ, ქართულ სასტუმროებს - კიდევ უფრო ნაკლები”,- აღნიშნავს ირაკლი კილაურიძე.

მისივე ინფორმაციით, თბილისში, 3 ვარსკვლავიანი სასტუმროების ბაზარი ასათვისებელია: ”ჩვენი ინფორმაციით, უკვე არსებობს რამდენიმე დეველოპერი, რომლებიც ფიქრობენ, სწორედ ამ სეგმენტის სასტუმროები განავითარონ თბილისში” ,- ამბობს ირაკლი კილაურიძე.