როგორი იქნება მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ზრდა 2023 წელს - IMF-ის პროგნოზები

მსოფლიოს სამი უდიდესი ეკონომიკა - ჩინეთი, ევროზონა და აშშ - 2023 წელს საგრძნობლად შენელდება გლობალურად ფინანსური მდგომარეობის გამკაცრების, მთავარი ცენტრალური ბანკების მიერ საპროცენტო განაკვეთების ზრდის, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის გამო და ჩინეთში ხანგრძლივი ლოკდაუნების მიერ გამოწვეული შედეგებით - ამის შესახებ აღნიშნულია IMF-ს მიერ გამოქვეყნებულ პროგნოზში.

რაც შეეხება 2022 წლის საერთო მაჩვენებელს, სავალუტო ფონდის მიერ ოქტომბერში გამოქვეყნებული პროგნოზით, მსოფლიოს ეკონომიკა 2.7%-ით გაიზრდება.

მაჩვენებელი გასული წლის ივლისის პროგნოზთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით ნაკლებია და ჩამორჩება 2000-21 წლების საშუალოს - 3.6%-ს. მსოფლიოს ეკონომიკების უმრავლესობისთვის ზრდის სავარაუდო მაჩვენებელი მნიშვნელოვნად დაბალია IMF-ის აპრილის პროგნოზებთან შედარებითაც.

აღსანიშნავია, რომ გლობალური მშპ-ს ან ერთ სულ მოსახლეზე გლობალური მშპ-ს შემცირებას, რაც თან ახლავს გლობალურ რეცესიას, IMF არ პროგნოზირებს, თუმცა მოსალოდნელია მშპ-ს მიყოლებით შეკუმშვა, მინიმუმ, 2 კვარტალში, რასაც ეკონომისტები ტექნიკურ რეცესიას უწოდებენ.

მსოფლიოს წამყვანი ქვეყნების 2023 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი, IMF-ის თანახმად, შემდეგნაირია:

  • განვითარებული ეკონომიკები - 1.1%
  • აშშ - 1.0%
  • ევროზონა - 0.5%
  • გერმანია - -0.3%
  • საფრანგეთი - 0.7%
  • იტალია - -0.2%
  • ესპანეთი - 1.2%
  • იაპონია - 1.6%
  • დიდი ბრიტანეთი - 0.3%
  • კანადა - 1.5%
  • სხვა განვითარებული ეკონომიკები - 2.3%

რაც შეეხება განვითარებად ეკონომიკებს, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები ასეთია:

  • განვითარებადი აზია - 4.9%
  • ჩინეთი - 4.4%
  • ინდოეთი - 6.1%
  • სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიური ქვეყნების ასოციაცია (ASEAN) – 4.9%
  • განვითარებადი ევროპა - 0.6%
  • რუსეთი - -2.3%
  • ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის ქვეყნები - 1.7%
  • ბრაზილია - 1.0%
  • მექსიკა - 1.2%
  • შუა აღმოსავლეთი და ცენტრალური აზია - 3.6%
  • საუდის არაბეთი - 3.7%
  • სუბ-საჰარული აფრიკა - 3.7%
  • ნიგერია - 3.0%
  • სამხრეთ აფრიკა - 1.1%

რაც შეეხება საქართველოს, IMF-ის თანახმად, 2022 წელს ქვეყნის ეკონომიკა 9%-ით გაიზრდება. საერთაშორისო სავალუტო ფონდი განახლებულ მიმოხილვაში აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკა 2022 წელს მდგრადი იყო და უკრაინაში ომით გამოწვეულმა შედეგებმა მოსალოდნელზე ნაკლები ეფექტი იქონია. ეკონომიკური ზრდა და ლარის გამყარება კი ტურიზმიდან მზარდმა შემოსავლებმა, ომთან დაკავშირებულმა მიგრაციამ და ფინანსურმა შემოდინებებმა, საქართველოს გავლით სავაჭრო ტრანზიტის ზრდამ განაპირობა.

წლის დასაწყისში IMF ვარაუდობდა, რომ 2022 წელს საქართველოს ეკონომიკა 5.5%-ით გაიზრდებოდა, შემდეგ საპროგნოზო მაჩვენებელი 3.2%-მდე შეამცირა, თუმცა ბოლოდროინდელი ვითარების გამო კვლავ გაზარდა. მიუხედავად წლევანდელი პროგნოზის ზრდისა, სავალუტო ფონდმა 2023 წლის პროგნოზი შეამცირა 5.8%-დან 4%-მდე.

კახი ჩაკვეტაძე